ახალი ამბები

შსს: პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტს გენინსპექცია სწავლობს

25 აგვისტო, 2017 • 2075
შსს: პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტს გენინსპექცია სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თანასწორობის მოძრაობის დაკავებული წევრების მიმართ სავარაუდო ჰომოფობიურ მოპყრობას შსს-ს გენინსპექცია სწავლობს.

26 აგვისტოს, გამთენიისას, “თანასწორობის მოძრაობის” წევრებ,ი თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებმა დააკავეს, მათ ადვოკატს უთხრეს, რომ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი თქმით, პოლიციის განყოფილებაში გააშიშვლეს.

თუმცა პოლიცია უარყოფს ამ ფაქტს და ამბობს, რომ პოლიციელებს დაკავებულებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ დ ნახეს 2 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პოლიციელებმა ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები. მათი თქმით, პოლიცია უყურებდა როგორ სცემდნენ მათ თავდამსხმელები და არაფერი იღონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი