ახალი ამბები

ლევან ჩიტაძე ფარულ კადრებთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს

8 მაისი, 2013 • • 1418
ლევან ჩიტაძე ფარულ კადრებთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს

გაზეთ “ალიას” ჟურნალისტმა მარიამ გულორდავამ ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ მასალაში განაცხადა, რომ გია ხუხაშვილზე სკანდალური მასალის მიწოდებას მას ლევან ჩიტაძე დაპირდა და სწორედ მან თხოვა ეს ინფორმაცია საჯაროდ გაემჟღავნებინა იმ პირს, რომელთა დაკავშირებითაც მოგვიანებით გავრცელდა ფარული მასალა. როგორც მარიამ გულორდავა ამტკიცებს, მას ლევან ჩიტაძესთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და სწორედ ამიტომ მოტყუვდა. ჩიტაძე მას დაპირდა ხუხაშვილის წინააღმდეგ გარკვეული მასალების მიწოდებას, რაც საბოლოოდ არ გააკეთა.

 

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” კატეგორიულად უარყოფს ლევან ჩიტაძესა და მარიამ გულორდავას შორის რაიმე სახის მეგობრობის არსებობას და მიიჩნევს, რომ ის გარკვეული პირების ინტერესებს ემსახურება იმ პირთან ერთად, ვისზეც გავრცელდა ფარული ვიდეომასალა.

 

“CII კატეგორიულად გმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, ფოტო ან სხვა სახის მასალის გავრცელებას, პირის/პირების წინააღმდეგ მის გამოყენებას ნებისმიერი მიზნით. ამასთან ერთად გამოვთქვამთ ეჭვებს, რომ X(პირი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცლდა) და ჟურნალისტი მარიამ გულორდავა ორგანიზებულად მოქმედებენ მათ ზურგს უკან მდგომი, საზოგადოებისთვის უცნობი პირების თანხლებით”, – აცხადებს “სამოქალაქო ცართულობის ცენტრი”(CII).

 

ორგანიზაცია გულორდავას ამ ბრალდებას “აჟიტირებულ ბოდვას” უწოდებს და მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს სხვა უამრავი პირისა და პირების ხელოვნურად ჩათრევას ბინძურ პროცესში.

 

დღევანდელი მდგომარეობით ცალსახაა, რომ მოვლენები ვითარდება ე.წ. კუდ–ის პრინციპით – იქმნება და ვრცელდება სიბიძნურე, მათი მიზანია, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ხელოვნურად ჩათრეული. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესებს”, – აცხადებს ICC.

მასალების გადაბეჭდვის წესი