ახალი ამბები

საკრებულოში მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გრძელდება

8 მაისი, 2013 • 991
საკრებულოში მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გრძელდება

როგორც საკრებულოს ერთ–ერთი წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, შეხვედრაზე მან ვერ მიიღო პასუხი ორ საკითხთან დაკავშირებით, ერთი საკითხი გზების რეაბილიტაციას, ხოლო მეორე საკითხი ავარიულ სახლებს შეეხება:

 

“გზებთან დაკავშირებით არ აქვთ არავითარი გეგმა, თუ როგორ უნდა დასრულდეს პროექტები, რომელთა მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც პრობლემებია. ცალკეულმა სამსახურებმა ვერ გაართვეს თავი საკუთარ მოვალეობას ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, რომელსაც შემდეგ ჩვენგან მოისმენდა მოსახლეობა, რომელიც ავარიულ სახლებში ცხოვრობს. თუკი არ იარსებებს გეგმა, რამდენი ფულიც გინდა იყოს ბიუჯეტში, პრობლემები ვერ მოგვარდება”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

გიორგი ყოჩიაშვილის თქმით კი, მან ამომწურავი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას და შეხვედრა ნაყოფიერი იყო:

 

“ბოლო ბიუჯეტის ცვლილების შესაბამისად, ავარიული სახლების თანხები გადანაწილდა გამგეობებში, რომლებიც თანადაფინანსების პრინციპით წავლენ და გაამაგრებენ სახლებს. ჩვენთან დარჩა გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციებში იქნება გამოყენებული და, შესაბამისად, ამის გეგმა–გრაფიკი შეუძლებელია ითქვას, ვინაიდან რამდენი სახლი გახდება მწვავე და იქნება ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია. ამჟამად 11 მწვავე ავარიულ სახლზე ვმუშაობთ”, – განაცხადა ყოჩიაშვილმა. რაც შეეხება გზებს, მისი თქმით, არსებობს პრობლემები, რადგან ზოგიერთმა კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული მოვალეობები არ შეასრულა:

 

“არსებობს ხარვეზები, რომლებზეც მიდის მუშაობა, ჩვენ რამდენიმე გამაფრთხილებელი წერილი გავგზავნეთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანიები არ შეასრულებენ ნაკისრ მოვალეობებს, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სანქციებს, რასაც კანონი ითვალისწინებს”, – განაცხადა ყოჩიაშვილმა.

 

საკრებულოს წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფრომა გიორგი ქორქაშვილმაც. მისი თქმით, ის მზადაა საკრებულოს წევრებს ამომწურავი პასუხები გასცეს და მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მათთვის საინტერესო იქნება როგორც ახლა, ასევე მომავალში.

 

გამწვანების სამსახურთან შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრები “სინათლის ქალაქის”და კულტურის ღონისძიების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საკრებულოს წევრები მერიის საქალაქო სამსახურებს ხვდებიან
საკრებულოს წევრები მერიის საქალაქო სამსახურებს ხვდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი