ახალი ამბები

ხუხაშვილი: კეზერაშვილი ვეღარ ძარცვავს სახელმწიფოს და მე მივიღე ამაში მონაწილეობა

8 მაისი, 2013 • 1700
ხუხაშვილი: კეზერაშვილი ვეღარ ძარცვავს სახელმწიფოს და მე მივიღე ამაში მონაწილეობა

“ირმა ნადირაშვილმა ნახევრად სიმართლე თქვა. არჩევნებამდე ამ კომპანიის მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო, რომელიც გია ხუხაშვილისგან განსხვავებით ნამდვილად იყო რეკეტირი, სარგებლობდა სახელისუფლებო რესურსით. ერთადერთი შეხება, რაც დავით იაკობაშვილის ჯგუფთან მქონდა, ეს იყო გადაზიდვების ბიზნესი, “აუთდორჯიც” იმ ჯგუფში შედის, საიდანაც 10 მილიონი დოლარი, რკინიგზის საკუთრება, მიედინებოდა კეზერაშვილის ჯიბეში ამ კომპანიის მეშვეობით, და შემდგომში, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის სალაროში. ჩემი ძალისხმევა იყო იმისკენ მიმართული, რომ ეს ყველაფერი რკინიგზას დაბრუნებოდა. ეს 10 მილიონი დოლარი ახლა მიედინება სახელმწოფო ბიუჯეტში. ეს არის ჩემი როლი ამ კომპანიასთან მიმართებაში. კეზერაშვილი იქ აღარ არის, კეზერაშვილი ვეღარ ძარცვავს სახელმწიფოს, მე ამაში ნამდვილად მივიღე მონაწილეობა და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. მე არ ვიცი, რა გარიგებაა გია ღამბაშიძესა და ამ ჯგუფს შორის. მე ღამბაშიძეს ვიცნობ იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე იაკობაშვილს. მათ შორის თუ რამე მოლაპარაკებაა, ეს მათი საქმეა,”- განაცხადა ხუხაშვილმა “კურიერის” ეთერში. 


ამასთან, მან მადლობა გადაუხადა დავით იაკობაშვილს იმისთვის, რომ ის “აბსოლუტური გაგებით მოეკიდა ამ პროცესს.”


“მან გამოისყიდა კეზერაშვილისგან მისი წილები და ის თანამშრომლობს ქართულ სახელმწიფოსთან, აკეთებს ბიზნესს. მას სრული გარანტიები აქვს იმისა, რომ მისი ინვესტიციები იყოს დაცული, მას აქვს ბევრი საინტერესო პროექტი, არანაირი ზეწოლა მასზე არ ხორციელდება.”

 

დღეს, 7 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გია ხუხაშვილი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ბიზნესრეკეტში  დაადანაშაულა. 


ნადირაშვილის თქმით, ხუხაშვილი კომპანია Outdoor.ge-ის, რომელიც ამჟამად ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის, გიორგი ღამბაშიძეზე გადაფორმებას ცდილობს. 

 

“გიორგი ღამბაშიძე არის რუსული კომპანია “ნიკოლოემის” დირექტორთა საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოში. ასევე,  სხვადასხვა საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდა.”

 

ნადირაშვილის თქმით,  რამდენიმე თვის წინ, გია ხუხაშვილის დავალებით, გიორგი ღამბაშიძე არაოფიციალურად ჩასვეს Outdoor.ge-ში.

 

ამჟამად, ნადირაშვილის განმარტებით, ხუხაშვილს აქვს სურვილი, რომ კომპანია მის მფლობელობაში  სრულად გადავიდეს.

 

“ამ კომპანიის მფლობელებს შეუთვალეს, რომ ისინი მზად არიან გადაიხადონ ამ ბიზნესში 2 მილიონი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს კომპანია გამოიმუშავებს ამ თანხას, ანუ “პოსლეზე” გადაუხდიან თანხას. ამ კომპანიის საბაზრო ფასი არის 10-12 მილიონი ლარი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი