ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს ეუთო–ს წარმომადგენლებთან უმცირესობამ და უმრავლესობამ

7 მაისი, 2013 • 1032
რაზე ისაუბრეს ეუთო–ს წარმომადგენლებთან უმცირესობამ და უმრავლესობამ

შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, როგორც მისი დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა განუცხადა, საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს:


გიგი წერეთელი
გიგი წერეთელი

“ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხების, იყო კითხვები არსებულ პოლიტიკური სიტუაციაზე, ოპოზიციასთან მთავრობის დამოკიდებულებაზე, ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე. მთავარია, რომ ჩვენს კოლეგებს (დასავლეთში) საქართველოდან მიღებული ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ცუდი ინფორმაცია მივაწოდოთ, გვინდა საქართველოზე მხოლოდ კარგი ინფორმაცია გავავრცელოთ, ოღონდ ამ კარგი ინფორმაციის მიცემის საშუალება პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა მოგვცეს”, – განაცხადა წერეთელმა და დასძინა, რომ ქვეყანაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს და ეს ეხება ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, სასამართლოს თუ ადამიანის უფლებებს:


“როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გახმაურება ხდება და შემდეგ მოდის დანაპირები, რომ ყველაზე გვაქვსო, ასეთი რამ დემოკრატიის მანიშნებელი არ არის”


აკაკი მინაშვილის თქმით კი, შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს:


“ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმასაც, რომ არჩევნების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ დემოკრატიის კუთხით საქართველოში სერიოზული რეგრესი გვაქვს”, – განაცხადა ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.


საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ ეუთოს წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობას ხვდებიან. სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” იმყოფებიან: დეპუტატი გია ჟორჟოლიანი, ელისო ჩაფიძე და ბიძინა გუჯაბიძე. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ელისო ჩაფიძემ უთხრა, მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა გუნდმა დასავლეთის პარტნიორებთან ერთად ის რეფორმები განიხილოს, რომლებიც სასამართლო და საკონსტიტუციო სფეროში იგეგმება. ჩაფიძე ვარაუდობს, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის კოჰაბიტაციის პროცესს. დეპუტატის შეფასებით, კოჰაბიტაციის პროცესი ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს, რადგან მთავრობამ უმცირესობას ძალიან ბევრი რამ დაუთმო და აგრესიულ ქმედებებს არ ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი