“საქართველოში მკვლელობის სახეა ლეგალიზებული, ეს არის აბორტი. მე გაოცებული ვარ იმ კომენტარების გამო, რაც პატრიარქის განცხადებას მოჰყვა. მე გამოვდივარ საღი აზრის პოზიციიდან… ჩემთვის ჩანასახი არის ცოცხალი ადამიანი,”– განაცხადა დავითაშვილმა დღეს 7 მაისს, პირველი რადიოს პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
“მხოლოდ ორ შემთხვევაში მიმაჩნია დასაშვებად აბორტი – გაუპატიურების და როცა სიცოცხლეს საფრთხე ადგება.’ სხვა შემთხვევაში მას ამ სიცოცხლის მოკვლის უფლება არ უნდა მიეცეს.”
დავითაშვილმა სელექციურ აბორტებზეც ისაუბრა: “ საქართველოში მიდის გოგოების გენოციდი. ეს არ არის დემოგრაფიის საკითხი. ეს არის ფასეულობების საკითხი. თუმცა მხოლოდ აკრძალვით პრობლემა არ გადაწყდება.
იმ შემთხვევაში, თუ სოციალური განკიცხვა უკრძალავს ბავშვის დაბადებას, უნდა დაიცვას სახელმწიფომ ფეხმძიმე, როგორც მოწმეს იცავს სახელმწიფო. ამაში მარტო სახელმწიფო არ უნდა იყოს ჩართული, უამრავი ორგანიზაცია იღებს გრანტს. გააჩინოს მან (ფეხმძიმემ) ეს ბავშვი და გააშვილოს. მთავარია, ეს ბავშვი ცოცხალი გადარჩეს,”– განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მას მიაჩნია, რომ პარლამენტმა აბორტის სრულ აკრძალვაზე უნდა იმსჯელოს.
ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში განაცხადა, რომ სახელმწიფომ კანონით უნდა აკრძალოს აბორტი. პრემიერმა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მიიღოს მონაწილეობა აბორტის აკრძალვის მსჯელობაში. დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ პარლამენტი აბორტის აკრძალვის თემაზე იმსჯელებს.