ახალი ამბები

უნივერსიტეტების რექტორები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ

7 მაისი, 2013 • 999
უნივერსიტეტების რექტორები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ

მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს                                                                                                                             
ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 19 აპრილს მიიღო შემდეგი შესწორება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში:

„38.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად;

38.11 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ეს შესწორება უფლებას აძლევს მთავრობას უხეშად ჩაერიოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული უმაღლესი სასწავლებლების – სახელმწიფო უნივერსიტეტების ფუნქციონირებაში და მოახდინოს მათი რეორგანიზაცია უმაღლესი სასწავლებლის მოქმედი სუბიექტების, პროფესორების და სტუდენტების მიერ არჩეული – კოლეგიალური მმართველობითი ორგანოების დაუკითხავად და მათი ნების საწინაამღდეგოდ. ამით უქმდება უნივერსიტეტების ფუძემდებლური პრინციპი – აკადემიური თავისუფლება, რომლის უპირობო წყაროც უნივერსიტეტების  თვითმმართველობაა.

გარდა ამისა, ეს შესწორება გააადვილებს მთავრობის მიერ ააიპ უმაღლესი სასწავლებლების უძრავი, მოძრავი და ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების სახელმწიფოს ხელში გადასვლა ბევრად უფრო ადვილი და სამართლებრივად ნაკლებად წინაამღდეგობრივი პროცესი შეიძლება გახდეს, ვიდრე ეს კერძო სამართლის სუბიექტი უნივერსიტეტის შემთხვევაშია. ამით დაირღვევა პროფესორების, მკვლევრების და სტუდენტების ერთობის მფლობელობაში მყოფი და მათ მიერ შექმნილი კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის უფლება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობა და თვითმმართველობა უმაღლესი სასწავლებელის წარმატების უპირობო და გარდაუვალი საფუძველია: ყველა არსებული აკადემიური რეიტინგით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები, დამფუძნებლის მიუხედავად, კერძო საკუთრების მფლობელნი და თვითმმართველნი არიან: მათი წარმატება უკავშირდება კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობას და შეუფერხებელი განვითარების უფლებას. ინტელექტუალური და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარეშე შეუძლებელია უნივერსიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირება და, შესაბამისად, ქვეყანაში ცოდნაზე და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის გაჩენა. 19 აპრილის შესწორება სპობს იმ საფუძველს, რომელიც საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში ვითარდებოდა უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რამაც გამოიწვია საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლების და კვლევის ხარისხის უპრეცენდენტო ზრდა და, შესაბამისად, მათი მნიშნველოვანი წინსვლა საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგში.

მეორე მხრივ, ჩვენ არ ვართ წინაამღდეგი, რომ რომელიმე უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს საჯარო სამართლის სუბიექტად გახდომა, სახელმწიფოსთან მჭირდო ურთიერთობაში შესვლა და ავტონომიურობის დათმობის ხარჯზე კონკრეტული პრივილეგიების მიღება. ვფიქრობთ, რომ ამის  საკანონმდებლო დონეზე  დაფიქსირება შესაძლებელია, ოღონდ, საკანონმდებლო დონეზე ასევე უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს პროცესი უნდა განხორცილდეს უნივერსიტეტის ყველა კოლეგიალური მმართველი საბჭოს თანხმობით და სურვილით.

ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და დაადოთ ვეტო სამოქალაქო კოდექსში ა.წ. 19 აპრილ შეტანილ ცვლილებას.

პატივისცემით:
ალექსანდე კვიტაშვილი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

გიგი თევზაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

 

ამავე საკითხზე გიგი თევზაძემ, დღეს, 7 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელიც მოლაპარაკების პროცესში დახმარებას დაპირდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი