ახალი ამბები

სამადაშვილი: კრიზისის დაძლევის შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო პროცესი უნდა დაიწყოს

23 აგვისტო, 2017 • 1710
სამადაშვილი: კრიზისის დაძლევის შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო პროცესი უნდა დაიწყოს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ხელისუფლებამ დაგროვილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

“კრიზისის დაძლევის შემდეგ უნდა დაიწყოს პარლამენტშში პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესი, რომელიც შეისწავლის, ერთი მხრივ, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება ხანძარზე და, ამავე დროს, შეისწავლის სავარაუდო მიზეზებს, რომელიც ამ ხანძრების ეპიდემიას შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ საპარლამენტო შესაძლებლობები და ხელისუფლება ვალდებულია, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში და დღევანდელ უმრავლესობას მე ვურჩევდი, რომ თავად იაქტიურის ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ეს შეკითხვები თუ დარჩა პასუხიგაუცემელი, ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდება თავად ხელისუფლებას.” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი