ახალი ამბები

არასამთავრობოები ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

6 მაისი, 2013 • 970
არასამთავრობოები ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 3 მაისს გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაგმო.

 

„ჩნდება ეჭვი, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ გაატარა ეფექტური ქმედებები არც ძველი კადრების განადგურებისა და დაცვის და არც მანკიერი პრაქტიკის სრულად აღმოფხვრის მიმართულებით. აუცილებელია დადგინდეს, თუ როდის არის აღნიშნული ფარული ჩანაწერი გაკეთებული, ვის ჰქონდა წვდომა მასალებზე და როგორ მოხდა ამ კადრების განთავსება ინტერნეტში.“– ნათქვამია განცხადებაში.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო, კონსტიტუციის 42–ე მუხლი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ და მოელიან, რომ ფარული ჩანაწერების შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საცავი დროულად განადგურდება.

 

„ამის რეკომენდაცია კარგა ხანია ჩვენც გავეცით და პირობაც იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ განადგურდებოდა ეს არქივები, როგორც კი გამოძიება დასრულდებოდა. ამ განცხადებით შევახსენეთ,  რომ მნიშვნელოვანია დროულად განადგურდეს,“– განუცხადა ნეტგაზეთს საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს საპარლამენტო ჩართულობის კოორდინატორმა ეკა როსტომაშვილმა.

 

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ აღნიშნული კადრების გამავრცელებლები საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები არიან, რომელთაც აღნიშნული კადრები არალეგიტიმურად ჩაიგდეს ხელში.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობას ფარული ვიდეოჩანაწერების გასანადგურებლად რეკომენდაციები შესთავაზოს, სადაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების გამოცდილება იქნება განხილული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი