ახალი ამბები

ივანიშვილი: გამოვრიცხავ მთავრობის წევრების მონაწილეობას ფარული ჩანაწერის გავრცელებაში

6 მაისი, 2013 • 1031
ივანიშვილი: გამოვრიცხავ მთავრობის წევრების მონაწილეობას ფარული ჩანაწერის გავრცელებაში

ბიძინა ივანიშვილი გამორიცხავს, რომ მის მთავრობაში მყოფი და მასთან დაახლოებული პირები პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებაში იყვნენ გარეული:

 

„საერთოდ ვერ შეგიცნიათ ახალი ხელისუფლება, თუ ამის ეჭვი გაგაჩნიათ. წარმოუდგენელია, რომ დღევანდელმა პროკურატურამ ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი კადრები გადაიღოს ან მაგაზე იმუშაონ.“ 

 

ბიძინა ივანიშვილმა შუხუთში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურაში არსებული მასალის გასანადგურებლად მუშაობენ:

 

„ვჩქარობთ, რომ გავანადგუროთ. მაგას აქვს თავისი თავისი პროცედურა. დავაჩქარებთ რაც შეიძლება, მაგრამ რამდენადაც გამოძიება მიდის და ეს მასალები საჭიროა გამოძიებისთვის. მაგრამ მთავარი ეს არაა, ნუ გგონიათ თქვენ, რომ ეს ერთადერთია და ერთადერთი ასლი არსებობს დღეს პროკურატურაში. მისი გადამღებები, ვინც პროკურატურა დატოვეს, რატომ არ გაქვთ ეჭვი, რომ მათ ეს ასლები გააჩნიათ? თუ ეს ეჭვები გაგაჩნიათ, მაშინ დაღუპულია საზოგადოება… ანალიზის უნარი არ გქონიათ.“

 

ივანიშვილის განცხადებით, მას აღნიშნული კადრები არ უნახავს და მიაჩნია, რომ ვიდეოკადრები წინა ხელისუფლების დროს არის შექმნილი.

 

„მე არ მინახავს ეს კადრები, მაგრამ მერე ამიხსნეს, როგორი კადრებიც იყო დაახლოებით.  ეს ხელწერა ვისაც ჰქონდა, ძალიან კარგად იცით, ეს არქივი ვისაც ჰქონდათ, ძალიან კარგად იცით. მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს საბოლოო ჯამში.

 

3 მაისს ინტერნეტით  გავრცელდა  30- წუთიანი უკანონო ფარული ვიდეოჩანაწერი.  ვიდეოკადრებზე სამი ადამიანის  სქესობრივი ცხოვრებაა ასახული.  ვიდეო ერთ-ერთ  ინტერნეტ- გვერდზე იყო  ღიად განთავსებული.

 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. შსს განაცხადებით, გამოძიება  157-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი