ახალი ამბები

მუსტაფა ემრე ჩაბუქს სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელა

23 აგვისტო, 2017 • 2652
მუსტაფა ემრე ჩაბუქს სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელა

მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, დღეს, 23 აგვისტოს, პატმრობის ვადა კიდევ სამი თვით – 24 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ საქმე განხილვის პროცესშია, საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის, სანამ ის იძებნება თურქეთის მიერ და არ თანამშრომლობს მათთან, ასევე იკვეთება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ნიშნები, არსებობს მისი მიმალვის ეჭვი.” – განცახადა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.

სასამართლომ სწორედ პროკურატურის მსჯელობა გაიზიარა და წინასაექატრადიციო პატიმრობა გაახანგრძლივს.

დაკავებულის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი არ დაეთანხმა პროკურორის მსჯელობას:

“ამჟამად ჩაბუქს დოკუმენტები გადაცემული აქვს ლტოლვილთა სამინისტროსთვის. მას და მის ოჯახს ემუქრებიან და ის დაინტერესებულია საქართველოში ყოფნით. ამ ფონზე ჩემთვის გაუგებარია რა არგუმენტი არსებობს საიმისოდ, რომ ჩაბუქი შეიძლება მიიმალოს. მიგვაჩნია, რომ არც განჩინება და არც პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის. უნდა მომხდარიყო საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლების დასაბუთება, რაც ჩვენ ვერ მოვისმინეთ. სასამართლო რომ სამართლიანი ყოფილიყო, ჩაბუქი საქსტრადიციო პატიმრობაში არ უნდა დარჩენილიყო. განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ,”- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მუსტაფა ემრე ჩაუბიქის ცოლის, თუბა ჩაბუქისთვის. მან პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეგონა, მუსტაფა ჩაბუქს დღესვე გაათავისუფლებდნენ.

“სამი თვე ვითმინე და მზად ვარ კიდევ ვითმინო. დარწმუნებული ვარ, რომ მას აუცილებლად გაათავისუფლებენ,”- განაცხადა მან.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 15 წელიწადია საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მან მასწავლებლად მუშაობა საქართველოში ჩამოსვლისთანავე, 2002 წლიდან დაიწყო. იგი ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ფიზიკის მასწავლებლად 2007 წლამდე მუშაობდა. 2007 წელს ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გააგრძელა ფიზიკის მასწავლებლობა, მოგვიანებით კი სკოლის დირექტორი გახდა. ამ თანამდებობაზე ჩაბუქმა 2012 წლამდე იმუშავა. ორივე სკოლის მფლობელი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯია.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებისა და კოლეგებისგან განსხვავებით, თურქეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჩაბუქი უბრალოდ მასწავლებელი კი არა, ტერორისტული საქმიანობის მონაწილეა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ერთ დღის შემდეგ, რაც  თურქეთის მთავრობის წევრები საქართველოს სტუმრობდნენ. ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 23 აგვისტოს კი ეს ვადა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი