ახალი ამბები

ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი მიემართება

23 აგვისტო, 2017 • 2540
ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი მიემართება

ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ხანძრის ჩასაქარობად თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადა მიემართება. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, ჯარი ადგილზე უახლოეს ხანში იქნება. ადგილზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.

შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, რა ვითარებაა ამ წუთებში ატენის ხეობაში. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მყოფ სამაშველო სამსახურებთან დაკავშირებას ცუდი კავშირგაბმულობის გამო ვერ ახერხებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” დღეს მიმართა. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ხვალ შეიკრიბება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში გამგებლის წარმომადგენლის, კახა თინიკაშვილის თქმით, წიწვოვან ტყეში ხანძარი დღეს, დაახლოებით 17:00-18:00 საათზე გაჩნდა, თუმცა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, ზემო ბოშურში მეხანძრეებმა მუშაობა 20:00 საათის შემდეგ დაიწყეს. ამაზე გამგებლის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ სახანძრო ეკიპაჟები  ბორჯომში იყვნენ სრულად მობილიზებული.

თინიკაშვილის თქმით, ადგილზე  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მუშაობს, თუმცა ცეცხლის ქრობის პროცესს ისიც ართულებს, რომ ხანძარი მთაში, კლდოვან რელიეფზეა გავრცელებული. უახლოესი დასახლებული პუნქტი ცეცხლის კერიდან 1,5-2 კილომეტრშია, თუმცა გამგებლის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსახლეობაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს და მის ჩაქრობას ღამის განმავლობაში მოახერხებენ:

“მუშაობა მიმდინარეობს, ზემო ბოშურში ვართ ყველა იმ ადგილას, სადაც ცეცხლია მოკიდებული. ვთვლი, რომ ღამით ჩავაქრობთ. სიბნელე კი გვიშლის ხელს, მაგრამ ასეთი მდგომარეობაა. დაახლოებით 5-6 საათზე გაჩნდა ხანძარი[…] როგორ დააგვიანებდა სახანძრო, იყო ბორჯომში წასული მთლიანი მანქანები. ბოშურის მთაშია გაჩენილი, მიუდგომელი ადგილია, უცბად აალდა. სოფლიდან კილომეტრნახევარ-ორ კილომეტრშია. სოფლისთვის საფრთხე არაა, მაგრამ მიუდგომელი, კლდიანი ადგილია. არიან მოხალისეებიც, მთელი ხეობის ბიჭები ატენიდან, ბოშურიდან, მაშველებიც არიან და ვცდილობთ ცეცხლის ჩაქრობას” – ამბობს კახა თინიკაშვილი.

ცეცხლი ერთ ჰექტარ ფართოებზეა გავრცელებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი