როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით დააკავეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
166–ე მუხლი კოდექსში განმარტებულია, როგორც:
“წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა- გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა დადამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით”
“ოქმები გაფორმდება დაკავების და ხელწერილის შემდეგ გათავისუფლდებიან”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო გიორგობიანმა. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ რატომ გათავისუფლდებიან პირები მსუბუქი სასაჯელის ფორმით, ხელწერილის საფუძველზე, ნინო გიორგობიანმა გვიპასუხა:
“მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, რა მუხლით არიან დაკავებული, ეს არის წვრილმანი ხულიგნობა. ხელწერილით გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდება, ამაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს, რას შეუფარდებს”
საპროტესტო აქცია პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის გამო, რომელიც თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სიტყვიერი შეურაცხყოფიდან ფიზიკურ დაპისრისპირებაში გადაიზარდა. დაახლოებით 10–მდე ადამიანი აქციის მონაწილეებთან მივდა და ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენა. პირები ჰომოფობურ განცხადებებს აკეთებდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს ხელითაც შეეხნენ. როგორც პოლიცამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, მათ 3 პირი გაათავისუფლეს, ხოლო 4 პირი დაკავებულია.
საპროტესტო აქცია 2013 წლის 3 მაისს ინტერნეტით გავრცელებული 30- წუთიანი უკანონო ფარული ვიდეოჩანაწერის გამო დაგეგმეს. ვიდეოკადრებზე სამი ადამიანის სქესობრივი ცხოვრებაა ასახული. ვიდეო ერთ-ერთ ინტერნეტ- გვერდზე იყო ღიად განთავსებული.
აქციის მონაწილეები დღეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითხოვდნენ, როცა პარლამენტთან ათამდე პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს შეუარაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისინი გაიძახოდნენ, ამ რელიგიურ დღეს ჰომოსექსუალებს იცავთო.
– “გვესმის, რომ ეს აქცია ვერ აღმოფხვრის საქართველოში ჰომოფობიის პრობლემას, ვერც სექსუალობაზე ტაბუს დაძლევს და ვერც დამატებით ინსტრუმენტებს შეიმუშავებს, რომელიც ხელისუფლებას უფრო ქმედითი პრევენციული ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა.
მიუხედავად ამისა, აქციაში თქვენი მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ:
– მოქალაქეთა მცირე ნაწილი მაინც ემიჯნება სქესობრივი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული და საჯარო გამოქვეყნების ამორალურ პრაქტიკას.
– ადამიანის პირადი ცხოვრება, მათ შორის სქესობრივი ცხოვრება, ხელშეუვალია, დაცულია კონსტიტუციით”, – წერს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი ფეისბუქზე.