“2012 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტ- სივრცეში რამდენიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კადრები გამოქვეყნებულ იქნა ღიად და იძლეოდა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას.
პირადი ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ხდება პირთა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არაერთჯერად ხასიათს ატარებს.
ამავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულ იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 157-ე მუხლით.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტურად აწარმოოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დამნაშავე პირთა დადგენის მიზნით. ამავდროულად, მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს, გაატარონ შესაბამის ღონისძიებები, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია, რათა პირთა პირადი ცხოვრების უფლების შელახვა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული. საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტსა და მედიასაშუალებებს, დაიწყონ ღია და საჯარო დისკუსიები შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზებზე.
საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს აღნიშნული საქმის შესწავალას და თვალს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას”.– ნათქვამია განცხადებაში.
პირი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა, აღნიშნულ კადრებს გამოეხმაურა. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იგი ფაბრიკაციას უწოდებს:
“ვამხელდი ყველა იმ პიროვნებას, რომელიც არბევდა და აწიოკებდა ხალხს და თავი მქონდა გადადებული. ეს არ უკადრებია “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც იკადრა გია ხუხაშვილმა, გელა ხვედელიძემ და ლაშა ნაცვლიშვილმა. დღეს უნდა მოეწოდებინა ჩემთვის ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის, რომელიც დღეს მუშაობს პროკურატურაში, მათ ბინძურ საერთო საქმეებზე. როდესაც მე უნდა შევხვედროდი პიროვნებას, რომელსაც ეს უნდა მოეწოდებინა, ეს პიროვნება მეუბნება, იციო, შენზე რა გავრცელდაო. მე არც ვიცოდი. “– განაცხადა მან.
მისივე თქმით, იგი არ ენდობა ქართულ გამოძიიებას, რადგან ლაშა ნაცვლიშვილი არის პროკურორის მოადგილე და გელა ხვედელიძე არის მინისტრის მოადგილე:
“მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, იქედან გამომდინარე, რომ მას მე ვიცნობ პირადად, იგი არის ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანი, იგი არ იყო ამ საქმეში გარეული. საერთოდ არ იყო ამ საქმეში გარეული. მე ამას ვამბობს გულით და ამის მჯერა”
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. შსს-ს განაცხადებით, გამოძიება 157-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებას განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა. შს მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და საქმე პირად კონტროლზე აჰყავს”.– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დღეს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციას დაახლოებით 10–მდე პირი დაუპირისპირდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. პირები ჰომოფობურ განცხადებებს აკეთებდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს ხელითაც შეეხნენ. როგორც პოლიცამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, მათ 3 პირი გაათავისუფლეს, ხოლო 4 პირი დაკავებულია.
საპროტესტო აქცია 2013 წლის 3 მაისს ინტერნეტით გავრცელებული 30- წუთიანი უკანონო ფარული ვიდეოჩანაწერის გამო დაგეგმეს. ვიდეოკადრებზე სამი ადამიანის სქესობრივი ცხოვრებაა ასახული. ვიდეო ერთ-ერთ ინტერნეტ- გვერდზე იყო ღიად განთავსებული.
აქციის მონაწილეები დღეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითხოვდნენ, როცა პარლამენტთან ათამდე პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს შეუარაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისინი გაიძახოდნენ, ამ რელიგიურ დღეს ჰომოსექსუალებს იცავთო.
– “გვესმის, რომ ეს აქცია ვერ აღმოფხვრის საქართველოში ჰომოფობიის პრობლემას, ვერც სექსუალობაზე ტაბუს დაძლევს და ვერც დამატებით ინსტრუმენტებს შეიმუშავებს, რომელიც ხელისუფლებას უფრო ქმედითი პრევენციული ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა.
მიუხედავად ამისა, აქციაში თქვენი მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ:
– მოქალაქეთა მცირე ნაწილი მაინც ემიჯნება სქესობრივი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული და საჯარო გამოქვეყნების ამორალურ პრაქტიკას.
– ადამიანის პირადი ცხოვრება, მათ შორის სქესობრივი ცხოვრება, ხელშეუვალია, დაცულია კონსტიტუციით”, – წერს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი ფეისბუქზე.