“მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გ.ფ.–სგან ბოლო პერიოდში ჩემი მისამართით მოვისმინე ბევრი ცილისმწამებლური განცხადება, მიმაჩნია, რომ მასზე კადრების გავრცელება არის წარმოუდგენელი დანაშაული. თუ ადრე მეგონა, რომ იგი შეგნებულად აწარმოებდა ჩემ მიმართ ბინძურ კამპანიას, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გახდა კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი. ახლა მხოლოდ მის ბოლო განცხადებას შევეხები და მინდა იცოდეს, რომ მოგელაძე ტელევიზორში მყავს ნანახი, ხოლო მისი მეუღლე საერთოდ არ ვიცი, ვინ არის. ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს კვალი უნდა ვეძებოთ იქ, სადაც მისი დეზინფორმირება ხდებოდა. ეს ყველაფერი აღარ არის მარტო მისი პრობლემა. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. ვთავაზობ მას შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადვილად გავერკვევით ამ ისტორიაში”-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პირი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა, აღნიშნულ კადრებს გამოეხმაურა. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იგი ფაბრიკაციას უწოდებს:
“ვამხელდი ყველა იმ პიროვნებას, რომელიც არბევდა და აწიოკებდა ხალხს და თავი მქონდა გადადებული. ეს არ უკადრებია “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც იკადრა გია ხუხაშვილმა, გელა ხვედელიძემ და ლაშა ნაცვლიშვილმა. დღეს უნდა მოეწოდებინა ჩემთვის ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის, რომელიც დღეს მუშაობს პროკურატურაში, მათ ბინძურ საერთო საქმეებზე. როდესაც მე უნდა შევხვედროდი პიროვნებას, რომელსაც ეს უნდა მოეწოდებინა, ეს პიროვნება მეუბნება, იციო, შენზე რა გავრცელდაო. მე არც ვიცოდი. “– განაცხადა მან.
მისივე თქმით, იგი არ ენდობა ქართულ გამოძიიებას, რადგან ლაშა ნაცვლიშვილი არის პროკურორის მოადგილე და გელა ხვედელიძე არის მინისტრის მოადგილე:
“მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მას მე ვიცნობ პირადად, იგი არის ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანი, იგი არ იყო ამ საქმეში გარეული. საერთოდ არ იყო ამ საქმეში გარეული. მე ამას ვამბობს გულით და ამის მჯერა”
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. შსს განაცხადებით, გამოძიება 157-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებას განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა. შს მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და საქმე პირად კონტროლზე აჰყავს”.– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.