ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე: თიბისი ჯგუფი დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს

22 აგვისტო, 2017 • 4911
მამუკა ხაზარაძე: თიბისი ჯგუფი დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარს თიბისი ჯგუფი და კომპანია ბორჯომი აღადგენს. ეს განცხადება ბიზნესმენმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. თიბისი ბანკის ცნობით, კომპანია ბორჯომი ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეუერთდა.

„თიბისი ჯგუფის და კომპანია ბორჯომის საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და სრულად აღვადგენთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიას. გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თიბისი ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ინიციატივას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და კომპანია “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაც” შეუერთდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა და ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული.   საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, პირველი შეტყობინება  ხანძრის შესახებ 14:01 წუთზე შევიდა და სახანძრო შენობიდან მანქანები მომენტალურად გავიდნენ, 16:10 წუთზე კი ვერტმფრენი ააფრინეს. 20 აგვისტოს, საღამოს, სააგენტოში განაცხადეს, რომ  სახანძრო მანქანები ადგილზე ვერ მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას სასაზღვრო პოლიციის ერთადერთი ვერტმფრენი ცდილობდა.

21 აგვისტოს უწყებამ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს, ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 21:32 საათზე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა საგანგებო შტაბი და მთავრობის ხელმძღვანელი ბორჯომში გაემგზავრა. ღამითვე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს თურქული და აზერბაიჯანული ტექნიკა დაეხმარებოდა. 22 აგვისტოს, დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. დღის განმავლობაში სამი ვერტმფრენი და ასობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად, თუმცა ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თურქეთის მიერ გამოგზავნილი ორი ვერტმფრენი დაბაში დაახლოებით 18:30-ზე ჩაფრინდა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, კვამლისა და ფერფლის გამო სუნთქვა უჭირთ, თუმც, ოფიციალურად ევაკუაცია არ გამოცხადებულა.

პანიკაში არიან ტურისტებიც, რომელთა ნაწილიც ბორჯომს და მიმდებარე კურორტებს ტოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი