ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. კახა შონია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმეში ფაქტობრივად არ არის მტკიცებულება.
ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადებით კი, საქმეში არ იყო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომ აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა გამოეყენებინა:
“საქმის მასალებიდან და იმ მტკიცებულებების ფორმალური შეფასებიდან ამოვალთ, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებისთვის უნდა იყოს საკმარისი და დასასაბუთებელი, ასე ვთქვათ, არ იყო იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ყოფილიო გამოყენებული ამ ბრალდებულების მიმართ. ალბათ ყეელა ადვოკატი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში”– განაცხადა ხაჟალიამ.
სასამართლო პროცესზე ინცინდენტიც მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს დავით ლორთქიფანიძეს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. დარბაზის დატოვების შემდეგ ლორთქიფანიძეს შელაპარაკება მოუვიდა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან:
“მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ყველა პარლამენტის წევრს, რომელიც არიან ქართული ოცნებიდან, სახეზე ცნობენ და ძალიან აღიზიანებთ მათ. გაურკვეველი მიზეზის გამო გამომაძევა მოსამართლემ დარბაზიდან, მერე მოხდა ის, რაც მოხდა, წაიღეს ჩემი პირადობის მოწმობა, რომლის წაღების უფლებაც მათ არ ჰქონდათ”. – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ პირველ მაისს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შ.პ.ს. “მექანიზატორის” მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.
2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო ორმოცდათოთხმეტი მილიონი ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას.
ამ პროექტისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან ორმოცდაათი მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო- სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა დაევალა შპს “მექანიზატორს”. შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომელშიც შედიოდნენ როგორც შპს “მექანიზატორის”, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.
შსს-ს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ, პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით ათი ათასი ევრო:
“2013 წლის იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნენ:
1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე;
2. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი – ზაზა მახარობლიძე;
3. შპს მექანიზატორის დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე, მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე
4. აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი – ოთარ ქარჩავა.