ახალი ამბები

ხანძარი ბორჯომში: მოხალისეები სოფელ დაბასთან მუშაობენ

22 აგვისტო, 2017 • 1770
ხანძარი ბორჯომში: მოხალისეები სოფელ დაბასთან მუშაობენ

მოხალისეებმა, რომელთა შორისაც არიან  პარტიზანი მებაღეები,  სოფელ დაბასა და ბორჯომს შორის არსებული გზა გაასუფთავეს. ამის შესახებ პარტიზანმა მებაღე ნატა ფერაძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა.

“ჯერჯერობით ჩვენ ადგილზე ვართ და ვაკვირდებით სიტუაციას. კერები არის ბევრი და მიმოფანტული. სავარაუდოდ, მოხალისეების მობილიზება საჭირო იქნება. ამ დრომდე მოხალისეებმა რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ ჩავხსენით გზა. ერთ-ერთი ახალი ცეცხლის კერა არის სოფელ დაბასა და სოფელ ბორჯომს შორის, სადაც გზა იყო ჩაკეტილი, ხოლო მოხალისეებმა და პარტიზანმა მებაღეებმა გავწმინდეთ ეს გზა და ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ამ ადგილს მიუდგეს სახანძრო მანქანა” – ამბობს ნატა ფერაძე ნეტგაზეთთან საუბარში. მისი თქმით, მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი მოხალისეებს მოუწოდებს, ბორჯომის ხეობაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

“არ არსებობს მოხალისეების ჩართვის არანაირი აუცილებლობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი გარეშე პირის ხანძრის მიმდებარე პერიმეტრზე გამოჩენა ხელს შეუშლის მეხანძრეების, მაშველების და შესაბამისი უწყებების მიერ მობილიზებული ცოცხალი ძალისა თუ ტექნიკის მუშაობას” – ნათქვამია განცხადებაში.

22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ ორგანიზების და მითითებების გარეშე არ შევიდნენ ხანძრის ზონაში.

სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიას მოედო. ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი