ახალი ამბები

ელჩის თქმით, აშშ მზადაა, საქართველოს ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმაროს

22 აგვისტო, 2017 • 2971
ელჩის თქმით, აშშ მზადაა, საქართველოს ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმაროს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკა მზად არის საქართველოს დასახმარებლად ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში. მისი განცხადებით, საელჩომ უკვე მიმართა ამერიკის სარდლობას გერმანიაში და იკვლევს გზებს დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად:

“მჭიდრო კონტაქტი მაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას ხანძრის ლიკვიდაციაში. გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნები და დავუკავშირდით როგორც ამერიკული სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია განლაგებული – ასევე, USAID-ს. ვიკვლევთ იმ გზებს, რომლებითაც თქვენი დამხარება იქნება შესაძლებელი. კარგია, რომ მეზობელი ქვეყნები ეხმარებიან საქართველოს ტექნიკით. ვლოცულობთ იმ მამაცი მეხანძრეებისთვის, რომლებიც ებრძვიან ხანძარს ბორჯომში,” – აცხადებს ელჩი.

სოფელ დაბასთან ხანძრის კერა ისევ გაღვივდა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

ცეცხლის ჩაქრობას უკვე მესამე დღეა ცდილობენ, თუმცა კერების სრული ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე ევაკუაცია არ გამოცხადებულა და შტაბში აცხადებენ, რომ ამის საჭიროება არ არის, თუმცა ზოგიერთი მოსახლე თავისი ნებით ტოვებს ტერიტორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი