ახალი ამბები

პრემიერის პრესსამსახურში ივანიშვილის სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებას არ ადასტურებენ

3 მაისი, 2013 •
პრემიერის პრესსამსახურში ივანიშვილის სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებას არ ადასტურებენ

“ჩვენთვის მსგავსი რამ ცნობილი არ არის, მსგავსი განცხადება პრემიერს არსად გაუკეთებია”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.


ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერი ოლიმპიადის გახსნის და შესაძლოა დახურვის ცერემონიებს დაესწროს, ИТАР-ТАСС–ი თბილისის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა ლერი ხაბელოვი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ დადასტურებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მისი ვარაუდით, პრემიერი ოლიმპიადაზე უნდა ჩავიდეს:


“თუ იღებს ქვეყანა მონაწილეობას ოლიმპიადაში, ამას უნდა ესწრებოდეს ოფიციალური წარმომადგენელიც, ჩამონათვალიც არსებობს, ეს არის პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი და სპორტის მინისტრი. ამიტომ, ვფიქრობ, პრემიერ–მინისტრი უნდა იყოს.


დადასტურებული არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მიდის მოლაპარაკება, რომ შევუკვეთოთ იქ VIP სასტუმრო პრემიერისთვის. VIP სტუმრების ჩასვლა სავალდებულო და აუცილებელი არაა, პრემიერს შეუძლია წავიდეს, შეუძლია – არა, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს კომენტარი ამიტომ გავაკეთე.


პრემიერისთვის ჯერ ცნობილი არ არის, რადგან ოლიმპიური თამაშები იქნება 7 თებერვალს და ჯერ დიდი დროა იქამდე, პასუხს ჯერ ვერ გეტყვიან, რა თქმა უნდა, მაგრამ საუბარი ამაზე მიმდინარეობს”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი