როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, ჟენია მერაბიშვილის გათავისუფლების მიზეზი სკოლის მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება გახდა:
“ეს ფაქტი გადამოწმნდა ჩვენი ინსპექციის მიერ და დადასტურდა, ამის შემდეგ მისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს რეკომენდაცია სამეურვეო საბჭომ განიხილა, თუმცა საბჭომ ის არ გაათავისუფლა და ამის შემდეგ უკვე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე”, – აცხადებენ სამინისტროში.
ჟენია მერაბიშვილის განცხადებით, მინისტრის გადაწყვეტილებით უკამოყილო არაა:
“სამუდამოდ ხომ არ ვიქნებოდი დირექტორი, კარგი ფიზიკი ვარ, წარჩინებულად მაქვს ჩაბარებული დირექტორის კურსები და ერთდროულად ყველაფერი ხომ არ იქნება. მე არ ვარ უკმაყოფილო”, – განაცხადა ჟენია მერაბიშვილმა.
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლეებისა და სკოლის დამლაგებლის ცემის ფაქტის შესახებ სტატია გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” 14 თებერვალს გამოაქვეყნა.
აღნიშნული ფაქტი მაშინ “ნეტგაზეთთან” საუბრისას ჟენია მერაბიშვილმა უარყო:
“უბრალოდ საყვედური მივეცი დაგვიანების გამო მოსწავლეებს და ძალიან მკაცრად გავაფრთხილე. კარგად გავლანძღე. წასულა და უთქვამს, რომ ვცემე, მსგავსი არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მერაბიშვილმა. მან უარყო სკოლის დამლაგებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტიც.