ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ფარული ჩანაწერის ნამდვილობას საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ

21 აგვისტო, 2017 • 1810
სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ფარული ჩანაწერის ნამდვილობას საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ერთი კვირის გასვლის მიუხედავად, პროკურატურას ფარული ჩანაწერის თაობაზე გამოძიება არ დაუწყია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პროკურატურას 14 აგვისტოს მიმართა, საქმე ეხება ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ საქართველოს შსს მინისტრი საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ.

ბასილიას თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პროკურატურა ასრულებს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებებს.

ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების დაწყების ნაცვლად ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ სხვა საკითხებზე, მაგალითად, იმაზე, რომ შსს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

“სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით ვალდებული არიან, გამოძიება დაიწყონ დაუყოვნებლივ”, – ამბობს ბასილაია.

იგი ამბობს, რომ დაწყებული აქვს საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ ჩანაწერს უცხოეთში ექსპეტიზა ჩაუტარდეს.

ბასილაიას განმარტებით, პროკურატურას მიმართეს ადევნება-თვალთვალისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლების მიხედვით.

13 აგვისტოს youtube-ით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრს ეუბნება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა”

მასალების გადაბეჭდვის წესი