ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ეხმაურება

1 მაისი, 2013 •
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ეხმაურება

“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით ორი მნიშვნელოვანი პროექტი: მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყებისთანავე მასში ჩართვის საშუალება მიეცა ყველა მეწარმეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის რეალიზაციას ახორციელებს. მთლიანობაში პროექტში მონაწილეობს 810 სავაჭრო ობიექტი. მეწარმეებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, სადაც მკაცრად განისაზღვრა მხარეების პასუხისმგებლობა და  ფუნქცია-მოვალეობები. 

 

აღნიშნული პროექტების დაწყების დღიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში შეიქმნა და აქტიურად მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პროცესში ჩართული ყველა მონაწილე მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებას  აკონტროლებს. 

 

თავისი კომპეტენციის ფარგლებში  მონიტორინგის ჯგუფი  ხარვეზებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში  რეაგირებას ახდენს დამრღვევის მიმართ წერილობითი გაფრთხილების, დაჯარიმებისა და მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის საშუალებით. 

 

პროექტის დაწყებიდან დღემდე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ არაერთხელ აცნობა საზოგადოებას და მედიას მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მთლიანობაში სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა პროექტში მონაწილე 27 მეწარმე.

 

სააგენტო თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან პროექტის განხორციელებაში ჩართული პირების საქმიანობაში არსებული შესაძლო მაქინაციების გამოსააშკარავებლად და აღსაკვეთად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი