ახალი ამბები

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ისინი სცემა

1 მაისი, 2013 • 1028
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ისინი სცემა

ნადარაიას თქმით, მანიფესტაციის მონაწილეები მარჯანიშვილიდან რუსთაველის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გადაიკეტა მოძრაობა და პატრულის თანამშრომლებმა მათ მოსთხოვეს გზის გათავისუფლება:

 

“შემდეგ დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება, რაშიც მონაწილეობდნენ უფორმო თანამშრომლებიც, “ლაბორატორია 1918″-ის 20-მდე წევრია დაკავებული, მხოლოდ ორნი გადავრჩით დაკავებას,” – აცხადებს ნადარაია.

 

ამ დროისთვის მანიფესტაციის მონაწილეების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროსთან არიან შეკრებული, ადგილზეა საპატრულო პოლიციის 10-მდე ეკიპაჟი. 

 

აქციის მონაწილეების ნაწილმა 18.00 საათისთვის  პოლიციის სამგორის განყოფილების შენობასთან გადაინაცვლეს, რადგანაც აქვთ ინფორმაცია, რომ დაკავებულ პირებს პოლიცია იქ გადაიყვანს. 

 

აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს რამდენიმე მათგანს პოლიციამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც.


“ნეტგაზეთი”  დაახლოებით 17.00 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა  ლაბორატორია 1918-ის ერთ-ერთ წევრ   მათე გაბიცინაშვილს, რომელმაც განგვიცხადა, რომ იმყოფებოდა პატრულის მანქანაში. მან ასევე განაცხადა, რომ დაკავებულია ლაბორატორიის 15 წევრი. მოგვიანებით მასთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუდენტების აქცია თბილისში 15.00 საათზე დაიწყო. სტუდენტებმა, ასევე ლაბორატორია 1918-ის წევრებმა,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. შემდეგ კი რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როცა ეს ინციდენტი მოხდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი