ნეტგაზეთი | 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს – 5 არასამთავრობო 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს – 5 არასამთავრობო – Netgazeti

2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს – 5 არასამთავრობო

5 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციისას აუცილებელია კონსენსუსი შედგეს 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო”, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” და “ლიბერალური აკადემია თბილისი”.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იმის მიუხედავად, რომ არსებობს სხვა მრავალი საკითხი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი გახდეს, კონსტიტუციის პროექტში მთავარი საკითხი უნდა იყოს 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

“მოვუწოდებთ მხარეებ,ს არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას აკისრია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველო გადავიდეს პროპროციულ სისტემაზე.

“ვერ ვხვდებით, რატომ არის საჭირო დემოკრატიული პროცესების გადავადება დაახლოებით 7 წლით?!”, – ამბობს ეკა გიგაური და მიაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის გარეშე სტაბილური გარემოს შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

“ლიბერალური აკადემიის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა არ უნდა იყოს “ფარსი”.

“მმართველ ძალას თუ უნდა, დაწყნარდეს ვითარება და ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, მაშინ მან უნდა გადადგას ეს ნაბიჯი”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.


 

მმართველი პარტიის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდვ ერთხელ განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 23 ივლისს მეორე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია სულ 115-მა დეპუტატმა გაიარა და ცვლილებების პროექტს 115-ივე მათგანმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

პლენარულ სხდომას არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატი არ დასწრებია, რადგან მათ საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი გაამოუცხადეს. “ქართული ოცნება” მოქმედ პარლამენტში 117 დეპუტატითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, კონსტიტუციის შესაცვლელად ოპოზიციის ხმები არ დასჭირდა.

საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის კანონპროექტზე მუშაობდა, პროექტს მხარი დაუჭირა 2017 წლის 22 აპრილს 43 ხმით.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაში მონაცილეობა არ მიუღიათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რადგან მათ კომისია ბოიკოტის ნიშნად დატოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com