თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირის 82 ნომერში ხეების მოჭრის ნებართვა ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესასრულებლად მოითხოვა.
“[სამსახურმა] მიიღო შპს „მესხის“ განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ
საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას”, – წერია სამსახურის განცხადებაში.
გამწვანების სამსახურის ცნობით, საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე.
სამსახური აცხადებს, რომ კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე.
დღეს, 17 აგვისტოს კომპანია “მესხის” კუთვნილ ტერიტორიაზე მერიის ნებართვით ხეები მოჭრეს.