ახალი ამბები

ბარიერი – ოპოზიციური პარტიების ხედვები “ოცნებასთან” შეხვედრის წინ

17 აგვისტო, 2017 • 2294
ბარიერი – ოპოზიციური პარტიების ხედვები “ოცნებასთან”  შეხვედრის წინ

18 აგვისტოს ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდთან გამართავენ შეხვედრას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამასთან დაკავშირებით 8 ოპოზიციურმა პარტიამ 16  აგვისტოს ერთობლივი განცხადებაც გავრცელა, სადაც იმ პრიორიტეტულ საკითხებზეა საუბარი, რომელთა დათმობასაც ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ელის. ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას ხელს რამდენიმე კვალიფიციური პარტია, მათ შორის “რესპუბლიკური პარტია” და “პატრიოტთა ალიანსი” არ აწერენ. როგორც ამ პარტიებში აცხადებენ, ისინი იზიარებენ განცხადების შინაარსს, თუმცა მათ მმართველ გუნდთან დამატებითი მოთხოვნებიც აქვთ.

ერთ-ერთი საკითხი, რის გამოცა 8 ოპოზიციური პარტიის განცხადებას ხელი “რესპუბლიკურმა პარტიამ” არ მოაწერა, განცხადების ტექსტში ბარიერის 3 პროცენტამდე შემცირების არასახვაა. როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია ამბობს, ბარიერის შემცირება მათთვის პრინციპული საკითხია, ამიტომ ცალკე განცხადების გავრცელება გადაწყვიტეს:

“მიგვაჩნია, რომ სამპროცენტიანი ბარიერი  პრინციპული საკითხია და თანმიმდევრულობაზე მეტყველებს. ყველა წერილში, ყველა განცხადებაშ,ი რაც კი ოპოზიციური პარტიებისგან ერთობლივად გავრცელებულა, მუდმივად ვსაუბრობდით სამ საკითხზე- პროპორციული სისტემა მანდატების სამართლიანად განაწილების წესით, სამპროცენტიანი ბარიერის მუდმივ ნორმად დატოვება და მესამე იყო ბლოკების დატოვება.

აქედან გამომდინარე, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩათვალეს,  რომ 3 პროცენტი არ უნდა გვეხსენებინა,  ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია, რომ არაუმეტეს 3 პროცენტისა უნდა იყოს ასახული. მუდმივად ეს იყო დღის წესრიგში. ასე, ამ კომპონენტებით და აქედან გმაომდინარე, ჩვენ ვუერთდებით ამ სულისკვეთებას გარდა იმ ნაწილისა, რომ საარჩევნო ბარიერზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ” – ამბობს კორძაია.

“პატრიოტთა ალიანსში” კი აცხადებენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020 წლიდან, არამედ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, რათა იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო, შერეულის ნაცვლად პროპორციული სისტემით გაიმართოს:

“ჩვენ დიალოგზე მივალთ, თუ ხელისუფლება შემოგვთავაზებს არა საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით მზაობას, არამედ  რაღაც ისეთ საკითხზე, რასაც ერთჯერადი ბუნებრივი ბარიერის თუ ბლოკების თემა ჰქვია. ცხადია, ეს არ შეიძლება გახდეს კონსენსუსის საგანი. უმთავრესი ჩვნეთვისაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებაა, დაუყოვნებლივ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მე არ ვამბობ, რომ 2020 წლიდან. დაუყოვნებლივ გადასხვლაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, ის არჩევნებიც უკვე პროპორციული უნდა იყოს და არა 2024 წლიდან” – ამბობს გოჩა თევროდაძე.

პატრიოტთა ალიანსის წევრის თქმით, ხელისუფლებასთან საუბარი ბლოკების შექმნის აკრძალვისა თუ ბარიერის შემცირების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს გადადგამს:

“მაშინ, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, მაშინ ხელისუფლება შეიძლება გვესაუბროს, დატოვოს თუ არა ბლოკები, 3-პროცენტიანი  ჰქონდეს ბარიერი თუ ბუნებრივი ბარიერი, მანდატები ისევ ისე მიიტაცოს, როგორც გვთავაზობს, თუ კორექტირება მოვახდინოთ.  ეს თემები შეიძლება იყოს კომპრომისის საფუძველი და ამ თემებზე შეიძლება იქნეს მიღწეული კონსენსუსი, მაგრამ ფართო კონსენსუსის მიღწევა თუ უნდა ხელისუფლებას კონსტიტუციურ ცვლილებებზე, ან დაუყოვნებლივ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მზაობა უნდა გამოაცხადოს და, ამავდროულად, გონივრული და პარტიებთან შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა მიიღს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით” – ამბობს თევროდაძე.

“პატრიოტთა ალიანსის” მსგავსად, მეორე ეტაპზე გადასაწყვეტ საკითხად მიიჩნევს განცხადების ხელმომწერი 8 პარტიაც. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, თუ შერეული საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულით ჩანაცვლდება, ამის შემდგომ ბარიერზე დიალოგის დაწყება ხელისუფლებასთან შესაძლებელია. მათ შორის, ე.წ. “ბუნებრივ ბარიერზეც:

“თუ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება,  ნებისმიერ ბარიერზე შეიძლება ლაპარაკი. ამაზე ჩვენ განცხადებაშიც ვისაუბრეთ. ეს იქნება 3-პროცენტიანი,  ორპროცენტიანი და უბარიეროც კი. ეს არ არის არსებითი, არსებითია საარჩევნო სისტემის ცვლილება” – ამბობს გოცირიძე.

ამ საკითხზე მსგავსი პოზიცია აქვთ “ევროპულ საქართველოშიც”. როგორც ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, ოპოზიციის საერთო განცხადება პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგია და შეიძლება რვავე პარტიას ბარიერთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება ჰქონდეს, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება:

“ეს დოკუმენტი არის კონსენსუსის შედეგი. რა თქმა უნდა, სხვა პარტიებსაც აქვთ ისეთი მოსაზრებები, რომლებიც  მათთვის მნიშვნელოვანია და სხვები არ ეთანხმებიან. ამ შემთხვევაში ჩვენ, ევროპული საქართველო ვიყავით ღია ყველა მოთხოვნასთან მიმართებით იმიტომ, რომ მთავარი ამ შემთხვევაშიც იყო კონსენსუსი. ბარიერს რაც შეეხება, ბარიერის საკითხი  ბმაშია პროპორციულ სისტემასთან. იმიტომ, რომ 77-დან და 150-დან პროცენტი სერიოზუალდ განსხვავდება ერთმანეთისგან.  ნებისმიერი საკითხის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება  დაუბრუნდება იმ ვარიანტს, რითაც დაიწყო და წავიდა ვენეციის კომისიაში დასკვნისათვის. ეს  არის 2020 წლიდან პროპორციული სისტემა. როცა ამაზე იქნება თანხმობა, ყველა სხვა  საკითხის განხილვა მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს” – ამბობს გოგორიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, კონსულტაციები მმართველ გუნდთან იმ შემთხვევაში იქნება შედეგზე ორიენტირებული, თუ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას ჩაუყრის საფუძველს და პროპორციულით შეიცვლება:

“აქ ორი საკითხია ჩემთვის. ცალკე არის ბარიერის საკითხი, რა არის უკეთესი  და ნაკლებად მისაღები ვარიანტი – ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ თუ შევხედავთ პრაგმატულობის თვალსაზრისით და  იმისათვის, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს ეს კონსულტაციები, პირველ რიგში და საწყისი ამოსავალი წერტილი, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის უნდა იყოს პროპორციულ არჩევნებზე დაუყოვნებლივ გადასვლის საკითხი. თუ ჩვენ შევადარებთ,  თავისი მნიშვნელობით რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესზე და მთლიანად ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შექმნაზე სხვადასხვა ცვლილებას, ცხადია, უფრო დიდი ეფექტი ექნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას  და საარჩევნო სისტემის არსებით ცვლილებას” – ამბობს ბენიძე.

მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემის პირობებში ბარიერის ვერც შემცირება და ვერც გაუქმება სიტუაციას არსებითად ვერ შეცვლის:

“თუ შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, მაშინ ბარიერის დაწევთაც კი  და თუნდაც ბუნებრივ ბარიერზე დაყვანით, რაც გაჟღერდა, არაფერი იცვლება. შეიძლება პროპორციულ  ნაწილში 77 მანდატიდან ერთი-ორი მანდატი რომელიმე პარტიამ მოიპოვოს და რამდენიმე პარტია შევიდეს, მაგრამ ეს თითო-ოროლა პარლამენტარი ვერ შეცვლის სურათს და მას არ ექნება გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა, თუ ხელისუფლება შეინარჩუნებს მაჟორიტარულ არჩევნებს და, შესაბამისად, 77 მანდატი, ყველა თუ არა, მათი დიდი ნაწილი, მმართველი გუნდის და მმართველი პარტიის სასარგებლოდ განაწილდება” – ამბობს ISFED-ის დირექტორი.

მიხეილ ბენიძის თქმით, რაც შეეხება ბარიერის საკითხს, თავისთავად არც 5-პროცენტიანი ბარიერია არალეგიტიმური, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაუნაწილებელი მანდატების იმ პარტიებზე განაწილების ფორმატი, რომლებიც ამომრჩეველთა 5 პროცენტზე მეტის მხარდაჭერას დაიმსახურებენ:

“5-პროცენტიან ბარიერსაც აქვს თავისი გარკვეული გამართლება, უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ის გადაუნაწილებელი მანდატები იყოს პროპორციულად განაწილებული. თუმცა  ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში არის მთელი რიგი პარტიები, რომლებისთვისაც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა რთულია და ისინი არიან 3-დან 5 პროცენტამდე შუალედში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბარიერის დაწევა შესაძლოა ყოფილიყო პოზიტიური მრავალპარტიული წარმომადგენლობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში გვქონდა ორი ალტერნატივა შეთავაზებული და ერთ-ერთი ვარიანტი იყო სწორედ 3 პროცენტამდე ბარიერის დაწევა, მაგრამ მთავარი ნაწილი იყო გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების საკითხი. სამპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში უფრო ნაკლები მანდატები იქნებოდა” – ამბობს ბენიძე.

მისი თქმით, ბარიერი პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხმების საკითხია:

“თუ სამპროცენტიანი ბარიერი იქნება, მაგრამ შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, ანუ დაახლოებით ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ 2020 წლისთვის შემოგვთავაზა, ეს არ იქნება კარგი მოდელი იმიტომ, რომ მაჟორიტარული არჩევნები გადაწონის, სამწუხაროდ, თავისი ხარვეზიანი მხარეებით და იქ ბარიერი რამდენი იქნება, საერთოდაც რომ მოიხსნას, დიდად სურათს ვერ შეცვლის.  ბაერიერი პოლიტიკური შეთანხმების საკითხია. რაც ნაკლებია ბარიერი, გაუნაწილებელი მანდატებიც ნაკლებია. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ გვახსოვს 92 წლის საპარლამენტო არჩევნების პირობები, როდესაც საერთოდ არ იყო ბარიერი და მაშინ  ჩვენ მივიღეთ ჭრელი და ძალიან პრობლემური საკანონმდებლო ორგანო” – ამბობს ბენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი