ახალი ამბები

გაუქმდება თუ არა რეგენტთა საბჭო

30 აპრილი, 2013 • • 1373
გაუქმდება თუ არა რეგენტთა საბჭო

წარმოდგენილი კანონპროექტით, რომლის ავტორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანია, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუქმება ან რეორგანიზაცია დასაშვები ხდება მხოლოდ ამ დაწესებულებათა წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობით. გარდა ამისა, რეგენტთა საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს.  შესყიდვებთან დაკავშირეგბული ფუნქციები განათლებისა და მეცნერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. 

 

კანონპროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირაში დაჩქარებული ტემპით დაიწყება.

 

“ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, თუ მიიღო პარლამენტმა, რადგან ის იქნება უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. რეგენატთა საბჭოს უფლებამოსილების ფაქტობრივი გაუქმება, უფლებამოსილების სრულად გადაცემა უნივერსიტეტებისთვის იქნება ადმინისტრაციულ-ფინანსური დამოუკიდებლობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. პარლამენტმა მომდევნო კვირაში შეიძლება მიიღოს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც ფუნდამენტი უნივერსიტეტების დამოუკიდებლობისა იქნება მყარი.”

 

რატიანი ასევე მიიჩნევს, რომ ეს კანონი ამ სასესიო კვირაში უნდა განხილულიყო, ამის მიზეზად რატიანი გასულ კვირას “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს ასახელებს:

 

“გასულ სესიაზე უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც შესაძლებელია უნივერსიტეტებს შეეცვალოთ იურიდიული ფორმა და თან ამასთანავე, არ ჰკითხონ უნივერსიტეტებს – უნდათ თუ არა რა ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ კვირაშივე უნდა გასულიყო ჩემი ინიცირებული კანონპროექტი, რადგან შემდეგ კვირას შესაძლებელია ამოქმედდეს კანონი, რომლითაც ფაქტობრივად უნივერსიტეტების ავტონომია იზღუდება და მათი კითხვის გარეშე შეიძლება ჩარევა უნივერსიტეტების  კომპეტენციაში. მე რასაც ვთავაზობ უმრავლესობას, ეს კანონი ნაბიჯის წინ გადადგმაა. მე შევეცდები უმრავლესობა დავარწმუნო ამაში. ჯერჯერობით პარლამენტმა უკან გადადგა ნაბიჯი, როცა ეს კანონი მიიღო და უნივერსიტეტის უკითხავად აიპ-იდან სსიპ-ზე გადაიყვანოს უნივერსიტეტი. დღეს რა ფორმაც აქვს, ეს გაცილებით თავისუფალი ფორმაა, მეტი მოქმედების საშუალება აქვთ უნივერსიტეტებს.”

 

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რატიანი პრეზიდენტის ვეტოზე ამახვილებს ყურადღებას:

 

“მე გავუწევდი რეკომენდაციას, რომ ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.”

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მას კონკრეტული შეკითხვები აქვს რატიანთან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით:

 

“ძალიან კონკრეტული შეკითხვები მაქვს, რომლებსაც დავუსვამ ალბათ განათლების კომიტეტის სხდომაზე. რით იყო განპირობებული ამ რეგენტთა საბჭოს არსებობა და რატომ გახდა ახლა საჭირო მისი გაუქმება და თუ კი კეთილგონივრული დასაბუთება გამოჩნდება ამის, მხარს დავუჭერ.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, როგორია თავად მისი პოზიცია საბჭოს გაუქმება-არგაუქმების საკითზე, ჩაფიძე პასუხობს:

 

“მე საგანმანათლებლო სისტემაში, აი, ამ საბჭოს რაღაც განსაკუთრებული ფუნქცია და აქტიურობა დღემდე არ დამინახავს. ეს საბჭო თუ ეფექტურია, კარგია და მუშაობს, ამ შემთხვევაში პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია და თუკი ეს არის ზედმეტი დანამატი, რომელიც მხოლოდ, დავუშვათ, რაღაც ჰონორარების აღებით, ან გარკვეული გავლენების მოპოვებით არის შემოფარგლული და სტუდენტებს არ უმსუბუქებს მდგომარეობას, ამიტომ ცალსახად მე მიჭირს ამ თემაზე გიპასუხოთ. ისევე როგორც მანდატური, არც კარგია, არც ცუდია, გააჩნია მანდატურს რა ფუნქციები ექნება და როგორ შეასრულებს. მე ცალსახად არ ვფიქრობ, რომ მანდატური ან კარგია, ან ცუდია. მთავარია მანდატური მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და შეასრულოს თავისი უფლებამოვალეობები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი