ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო ბარათების საქმეზე 10 პირი დააკავეს

1 მაისი, 2013 •
სასოფლო-სამეურნეო ბარათების საქმეზე 10 პირი დააკავეს

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ორ პროექტს-  „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ – ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს. ამ სააგენტომ ფონდიდან მიიღო დაფინანსება და რეგიონებში გლეხებს დაურიგა ვაუჩერები, რომლითაც მიწების დამუშავებისთვის მათ შეეძლოთ შეეძინათ საჭირო  სასოფლო-სამეურნეო საქონელი და ინვენტარი იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ჩაერთვნენ აღნიშნულ პროგრამაში.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერში მითითებული იყო, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები, კერძოდ: პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდნენ ვაუჩერებს რეალურზე ნაკლებ ფასად. აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც  ადასტურებდნენ, თითქოს ფერმერს ვაუჩერში მითითებული თანხის შესაბამისი  საქონელი და ინვენტარი მიყიდეს. ამის შემდეგ  ვაუჩერების ბანკებში წარდგენით იღებდნენ ბარათში დაფიქსირებულ სრულ თანხას. ამ  კანონსაწინააღმდეგო ქმედებით  პროგრამის მონაწილე მეწარმებმა თაღლითური გზით მიითვისეს პროგრამით გამოყოფილი თანხის  ნაწილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

გამოძიება ასევე სწავლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საკითხს, რომლებსაც ევალებოდათ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი