ახალი ამბები

ირინა იმერლიშვილი: არ ვაპირებთ პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას

30 აპრილი, 2013 • • 983
ირინა იმერლიშვილი: არ ვაპირებთ პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს. მისი თქმით, სასამართლოს რეფორმისთვის ამ კანონპროექტის მიღება აუცილებელია:

 

“ჩვენ ვაპირებთ ეს ვეტო დავძლიოთ აუცილებლად იმიტომ, რომ ეს არის ძალიან აუცილებელი სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის. ვენეციის კომისიის თავმჯოდმარემ განაცხადა, რომ გაზიარებულია შეცდომები, მიესალმა რეფორმას სასამართლოების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობისაკენ და ამ ფონზე პრეზიდენტის ვეტო მართლაც გაუგებარია, თუმცაღა, ცხადია, ეს მისი უფლებამოსილებაა.”

 

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, იმერლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ კანონპროექტის ვეტო შესაძლოა არ დაძლიონ:

 

“რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, უნდა ვიმსჯელოთ. ფრაქციის სხდომა გვაქვს დღეს და კომიტეტებზეც იმსჯელებენ, რომელი ვერსიით წავალთ. თუმცაღა არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ არ ვიფიქროთ ვეტოს დაძლევაზე.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო ლოგიკურია:

 

“ვეტო ასეთი პროცედურაა, მათ ექნებათ მცდელობა, რომ გადალახონ ვეტო. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით დავარწმუნოთ, რომ პრეზიდენტის არგუმენტები ვეტოს დადებასთან დაკავშირებით ლოგიკურია და არის სწორი, რომ ვეტო დაედოს ამ კანონპროექტს.”

 

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის თანახმად , იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით ასარჩევად კანდიდატებს დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა დაჭირდება. 

 

პარლამენტი ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს აირჩევს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერი იურისტებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან შეირჩევა.

 

ცვლილებების მიხედვით, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. 

 

ამას გარდა, თუ კენჭისყრის მეორე ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, ორი დღის შემდეგ კენჭისყრის მესამე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად. 

 

ცვლილებების მიხედვით, თუ კენჭისყრის სამივე ტურის შემდეგ შეუვსებელი ვაკანსია დარჩება, 70 კალენდარული დღის ვადაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.

 

მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი ადგილია გათვალისწინებული.

 

რაც შეეხება “ნაფიც მსაჯულთა შესახებ” კანონპროექტს, პრეზიდენტმა ვეტო იმ ვარიანტს დაადო, რომლის მიხედვით ბრალდებულს ერთმევა უფლება თვითონ აირჩიოს, თუ რომელმა სასამართლომ გაასამართლოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი