ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: აქტიურად ვართ ჩართული მეარაყიშვილის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში

17 აგვისტო, 2017 • 2112
ციხელაშვილი: აქტიურად ვართ ჩართული მეარაყიშვილის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში

“ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული მისი გათავისუფლებისა და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში. ინფორმირებული არიან სრულად ჩვენი პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”- განუცხადა ჟურნალისტებს შერიგებისა და თანასწორიბის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელივანი, რომ ადამაინის უფლებები არ ირღვეოდეს ამგვარად უხეშად ამ ტერიტორიებზე.  სწორედ ამიტომ, ჩვენი ძალისხიმევა მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები ამოქმედდეს”.

თამარ მეარაყიშვილი, რომელიც გუშინ, 2017 წლის 16 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა, აცხადებს, რომ ცილისწამებაშია ბრალდებული.

 


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი