ახალი ამბები

გიგი კალანდაძე: თავდაცვის უწყებაში ყველა მიმართულებით სტაგნაციაა

30 აპრილი, 2013 • • 1762
გიგი კალანდაძე: თავდაცვის უწყებაში ყველა მიმართულებით სტაგნაციაა

როგორც კალანდაძემ დღეს, 30 აპრილს “პრეიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტაგნაცია განსაკუთრებით ეხება იმ ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს, რომელიც სამინისტროში წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული.

 

“მე მინდა გითხრათ, რომ ყველა მშენებლობა არის გაჩერებული. გარდა ამისა, არანაირი სწავლება ამ 6–7 თვის მანძილზე არ ჩატარებულა. ვგულისხმობ შერწყმულ სწავლებებს,” – განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ 14 მაისს იგი საგანგებო ბრიფინგის ჩატარებას აპირებს, რომელზეც  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს. კალანდაძე ბრიფინგზე ისაუბრებს იმაზე, თუ რა კეთდებოდა ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს ამ უწყებაში და რა ხდება დღეს, ახალი ხელისუფლების პირობებში.

 

გიგი კალანდაძე
გიგი კალანდაძე

“შევაჯამებ იმას, თუ რა პროექტები დაიწყო იმ პერიოდში, როგორ განვითარდა სამხედრო მრეწველობა, თუ რამდენი რამ შეიძინა შეიარაღებულმა ძალებმა ახალაიას მინისტრობის დროს,” – განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ იგი 14 მაისს კითხვა–პასუხის რეჟიმში წარუდგენს საზოგადოებას ანგარიშს.

 

კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა თავდაცვის უწყებაში, რა სწავლებები უნდა ჩატარებულიყო და არ ჩატარდა? – ამ კითხვებით პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ “ნეტგაზეთმა” კალანდაძეს მიმართა. მისი თქმით, საუბარია გეგმიურ შერწყმულ სწავლებებზე, რომელიც სხვადასხვა სახეობებთან ერთად ოპერატიული გეგმის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო, მაგალითად, ტანკებთან ან ავიაციასთან ერთად, თუმცა ასეთი რამ არ მომხდარა. რაც შეეხება შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კალანდაძის თქმით, ის გულისხმობს საყაზარმე ინფრასტრუქტურას, ასევე, სარეზერვო წვრთნებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს:

 

“თქვენ იცით, რომ ტოტალური თავდაცვის პროექტის ფარგლებში 50 ათასი რეზერვისტი ჩაეწერა თავისი ნებით, თუმცა ეს პროექტი შეჩერებულია, რაც მე ძალიან მაღელვებს”.

 

რაც შეეხება სხვა გაჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კალანდაძე ამბობს, რომ ესენია ჯარისკაცების საყაზარმე პროექტები, რომელიც ყველგან გაჩერებულია.

 

“უფრო ნუ დამაკონკრეტებინებთ, რაიმე საიდუმლო არ წამომცდეს, თორემ წულუკიანი მყავს ჩასაფრებული”, – ამბობს იგი.

 

კალანდაძე ამბობს, რომ 14 მაისისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე, იგი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსაც იწვევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამ შეხვედრას არ დაესწრება. 

 

პრესკონფერენციაზე გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს ჟურნალისტებმა ცოტა ხნის წინ თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ გავრცელეული ფოტომასალა შეახსენეს, სადაც  თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფი შენობების ინფრასტრუქტურა იყო ნაჩვენები.

 

კალანდაძე ამბობს, რომ ეს დაწყებული პროექტები იყო, რომლის მშენებლობაც უნდა გაგრძელებულიყო. მისი თქმით, ეს სურათები საერთოდ არ უნდა გავრცელებულიყო: “მასე ჩვენ რომ გაგვევრცელებინა ის ფოტომასალა, რაც ხდებოდა 2003 წლამდე, ძალიან მძიმე სურათს ვნახავდით,” – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი