ახალი ამბები

ომბუდსმენის შეფასებით, რკინიგზელებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის უფლება

16 აგვისტო, 2017 • 2126
ომბუდსმენის შეფასებით, რკინიგზელებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის უფლება

საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელების შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის პროცესში.

რკინიგზელები მეორე დღეა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობასთან შრომის პირობების ცვლილებების გამო შიმშილობის აქციას მართავენ. მათ შენობის წინ გაშალეს კარავი, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ აიღო. ომბუდსმენის ინფორმაციით, 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ და მონიტორინგი გაუწიეს აქციის მიმდინარეობას, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რკინიგზელთა შეკრების თავისუფლება უკანონოდ იზღუდება.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფომრაციით, შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რკინიგზის თანამშრომელი ვახტანგ ცისკარიშვილი დღეს საღამოს შეუძლოდ გახდა. საქართველოს რკინიგზის შენობასთან იმყოფება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს. აცხადებენ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, სამუშაო ადგილის ცვლილებას არ ითვალისწინებდა. ისინი უარყოფენ, რომ რკინიგზამ მათ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზეს.

თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზა საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გუშინ ჟურნალისტებს ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინეს, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ და მოუწოდებენ თანამშრომლებს, დაბრუნდნენ და შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. რკინიგზელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებაა და პირადად მათ სამუშაო პირობებზე ამ დრომდე არავინ გასაუბრებია, ამიტომ უარს აცხადებენ, შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. ისინი რჩებიან შენობის წინ და ელოდებიან, როდის მივლენ მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი