ყირგიზეთის წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრს საქართველოს თავდაცვის დოქტრინის შესახებ ჰკითხა, ის ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოქმედებას.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო ძალის გამოყენებას არ აპირებს:
“ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სამხედრო გზით გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა ჩვენ მეზობლის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით. ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ 2008 წლის გამოცდილებას. ჩვენ გვინდა გავაანალიზოთ სიტუაცია და ამაზე იყოს დაფუძნებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინა”, – განაცხადა ალასანიამ.
ამის შემდეგ მინისტრს შეკითხვა დაუსვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დირექტორმა ჰიუ ბეილიმ. მისი თქმით, საქართველო უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე, მაგამ რუსეთს მსგავსი რამ არ განუცხადებია, საპარლამენტო ასამბლეის დირექტორი დაინტერესდა მინისტრის მოსაზრებით, რამდენად არსებობს შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე, რაზეც ალასანიამ განაცხადა:
“რასაკვირველია, მე თავდაცვის მინისტრის ამპლუაში ყოველთვის მიწევს ფიქრი, რა საფრთხეები არსებობს, რა ბერკეტები და სამხედრო პოტენციალი გაგვაჩნია, რას შეიძლება ველოდოთ და მე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც 10 000 ჯარიკაცი განლაგებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენი დაზვერვა საკმაოდ ძლიერია და გვგონია, რომ შეუძლია წინასწარ, დროულად განჭვრიტოს, თუკი რაიმე ესკალაცია იქნება.
ჩვენ ვმუშაობთ შეიარაღებულ ძალებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ყველაფერი და საერთაშორისო საზოგადოებასაც დროულად ვაცნობოთ, თუ რაიმე 2008 წლის მსგავსის განმეორების საფრთხე იქნება. ამჟამად ჩვენ რაიმე რეალურ საფრთხეს ვერ ვხედავთ რუსეთიდან თავდასხმისა, ხოლო ჩვენი პოლიტიკა იმგვარად ხორციელდება, რომ შანსები თავდასხმისა უფრო შემცირდეს”, – განაცხადა ალასანიამ.
