ახალი ამბები

კუბლაშვილი: წულუკიანის კომენტარის შეფასება არ მინდა

29 აპრილი, 2013 •
კუბლაშვილი: წულუკიანის კომენტარის შეფასება არ მინდა

თეა წულუკიანმა 28 აპრილს მედიასთან კომენტარი გააკეთა კოტე კუბლაშვილის ვიზიტზე ქუთაისში, სადაც ის მოსამართლეებს შეხვდა

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

“ამ კომენტარის  შეფასება არ მინდა დავიწყო. კითხეთ თავად მოსამართლეებს. მე საკმაოდ ხშირად მაქვს მათთან შეხვედრები, არა მხოლოდ თბილისის  არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსამართლეებთანაც. ეს შეხვედრები დაიწყო 2005 წლიდან.  რაზე ვისაუბრებ მე მოსამართლეებთან ეს ვერ გახდება სხვისი ჩარევის საგანი”– აცხადებს კოტე კუბლაშვილი.   

კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლოს ნდობის გაზრდას ხელს უწყობს თითოეული მოსამართლის მიერ მიღებული ოიბიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება: “ამ პროცესში 8 წლის განმავლობაში კარგად დავაკვირდით იმ ტენდენციას რომელიც დადებითისკენ  მიდიოდა და ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა და საზოგადოების ნდობა გაზრდილია სასამართლოს მიმართ.  ვიდრე ეს იყო 2005–2006 წლებში ჩვენი რეფორმის დასაწყისში. ამიტომ ეს ცვლილებები როგორ შეუწყობს ხელს, ეს მეორე საკითხია და ამას ვერავინ ვერ იტყვის, მთავარია თითოეული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”.  

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის კონსტანტინე კუბლაშვილის მოსამართლებთან შეხვედრას გამოეხმაურა.  წულუკიანის თქმით, კუბლაშვილი მოსამართლეებისთვის იმუნიტეტი ვერ იქნება:

 

“ბატონი კოტე კუბლაშვილი დიდი მოგზაურივით დადის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხვდება მოსამართლეებს და ეუბნება ერთ მარტივ რამეს, რომ თუ მოსამართლეები არ შეიკრიბებიან მის გარშემო, მათ ელით გარედან საფრთხე. მე მინდა ცალსახად განვაცხადო და მოსამართლეთა კორპუსს ვუთხრა, რომ კოტე კუბლაშვილი მათთვის არავითარი ტიპის იმუნიტეტი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება. მოსამართლეებისათვის იმუნიტეტი გადის სიმართლეზე და იმ კონფერენციაზე, რომელიც მათ თავისუფალ პირობებში უნდა ჩაატარონ”.– განაცხადა წულუკიანმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  27 აპრილს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი კონსტანტინე კუბლაშვილი ქუთაისში მოსამართლეებს შეხვდა. კუბლაშვილის განცხადებით, მოსამართლეებს ინფორმაცია მომავალ გეგმებზე მიაწოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი