როგორც ხარატიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, საარჩევნო სუბიექტებთან მისი კონტაქტის ინტენსივობა ძალიან მინიმალური იყო.
“არა, არანაირად არ ყოფილა [ზეწოლა] და ყველანაირი კონტაქტი მართლაც მინიმალური იყო, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის აუცილებელ საჭირობებს. მაგრამ, როდესაც ზეწოლაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად აღვნიშნავ ქალბატონი ირინა იმერლიშვილის [დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”] არაკორექტულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “ამ ხელისუფლებამ ძალიან კარგი არჩევნები ჩაატარა ამისთანა ცესკოს პირობებშიო”. ეთიკას, რომ თავი გავანებოთ, მინიმუმ ის მინდა შევახსენო ქალბატონ ირინას, რომ არჩევნებს არა ხელისუფლება, არამედ საარჩევნო ადმინისტრაცია ატარებს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფასდება, მათ შორის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და კიდევ შევახსენებდი, რომ 2012 წლის მართლაც უმძიმეს არჩევნებში საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო ცესკომ. მიჭირს წარმოვიდგინო, რას ემყარება მისი ასეთი მოსაზრებები”, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.
როგორც ცნობილია, იმერლიშვილის ზემოხსენებულ განცხადებას 27 აპრილს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა უპასუხა და საარჩევნო კომისიის მიმართ პატივისცემის გამოჩენისაკენ მოუწოდა. იმერლიშვილმა კი”ცესკოს” განაცხადების პასუხად აღნიშნა, რომ პატივისცემა საკუთარი საქციელით მოიპოვება:
“ცესკომ რაც გააკეთა წინ არჩევნებში, ეს არის იგივე ცესკო, რაც გააკეთა, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ ჩატარდა არჩევნები, რამხელა ზეწოლის ქვეშ. ცესკოს რეაგირება ამ დარღვევებზე პრაქტიკულად იყო მინიმალური. მათი ნდობის რეიტინგი NDI-ის ბოლო გამოკვლევებით ძალიან დაბალია. ამიტომ გავაკეთე ის განცხადება. ოღონდ ზეწოლა რაში გამოიხატება, მე ვერ გავიგე. სიტყვა ზეწოლა მე სხვანაირად მესმის და არა განცხადების გაკეთებით, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ ცესკოს პირობებშიც კი ჩაგვეტარებინა ისეთი არჩევნები, როდესაც დარღვევებზე ჩვენი ოპონენტები პრაქტიკულად ვერ გვესაუბრებიან. მე ვარ პოლიტიკოსი და ეს არის ჩემი პოზიცია. რაც შეეხება პატივისცემის გამოჩენას, პატივისცემა მოიპოვება საკუთარი საქციელით”– განაცხადა იმერლიშვილმა.