როგორც ხარატიშვილმა “ნეტგაზეთს’ განუცხადა, ეს პრაქტიკა არც ქართულ კანონმდებლობასთან და არც ეუთოს ნორმებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
“კანონმდებლობით ეს არ იზღუდება. უბნის გარეთ ყველა თავის მოქმედებაში თავისუფალია მითუმეტეს, რომ თუ იქ [კორდინატორი] დგას და პირდაპირ ზეწოლას არ ახდენს, ან ძალადობას არ აქვს ადგილი… ახლა, ასე ყველას შეუძლია იდგეს და რაღაც მოინიშნოს თავის რვეულში. აქ არანაირი შეზღუდვა არ არის”, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

როგორც ცნობილია, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიული კოორდინატორები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა 27 აპრილის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზეც შეამჩნია. საიას დამკვირვებლის, გიორგი ჭიქაბერიძის განცხადებით, ეს საარჩევნო პრაქტიკა კანონმდებლობას არ აღვევს, თუმცა შეიძლება ამომრჩევლის ნების ირიბ კონტროლად ჩაითვალოს. ზურაბ ხარატიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს.
“ფსიქოლოგიურ ზეწოლას რაც შეეხება, ესეც გააჩნია, ვინ როგორ განიხილავს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ეს ფაქტები არ იყოს, თუმცა ეს არც საქართველოს კანონმდებლობასთან და არც ეუთოს ფუნდამენტურ ნორმებთან წინააღმდეგობაში არ მოდის”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”
ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში განთავსებული უბნების შესასვლელებთან პარტიული კოორდინატორების მობილიზების ფაქტები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისის წევრებმაც შეამჩნიეს.
“მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე ფიქსირდება ბაღდათის N 52 და სამტრედიის N 54 ოლქებში, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე, უბნის შესასლელ კარებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორთა და მხარდამჭერთა მობილიზაცია. კოორდინატორები აფიქსირებენ უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს. აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს კანონდარღვევის ფაქტს, თუმცა შესაძლებელია აღქმული ქმედება შეფასებული იქნას, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.