ახალი ამბები

ცესკო მოუწოდებს ღარიბაშვილს, პირადად დაინტერესდეს არჩევნებში პოლიციის ჩარევის ფაქტით

27 აპრილი, 2013 • • 1279
ცესკო მოუწოდებს ღარიბაშვილს, პირადად დაინტერესდეს არჩევნებში პოლიციის ჩარევის ფაქტით

დღეს, 27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ შსს–ს მხრიდან მსგავსი ფაქტის უარყოფა უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს.

 

“არჩევნების პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში და ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა. იყო მხოლოდ ერთეული ხარვეზები, თუმცა გამონაკლისი იყო ბაღდათის საარჩევნო ოლქი. არასამთავრობო ოგრანიზაცია დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოაგდოებიდან შემოსული საჩივრის მიხედვით, მე–10 საარჩევნო უბანთან იდგა ავტომობილი სახელმწიფო ნომრით: FXF 382, რომელიც ადგილობრივი პოლიციის უფროსის, გელა მშვილდაძის სამსახურებრივი ავტომობილია. ამ ავტომობილში სათითაოდ იძახებდნენ საარჩევნო კომისიის წევრებს გასაუბრების მიზნით.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადეგნელთა აზრით, ეს არის კომისიის წევრებზე ზეწოლა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. გასათვალისწინებელია, რომ საჩივარს თან ახლავს ფოტოსურათები, როემლზეც აღბეჭდილია საარჩევნო უბნის წინ გაჩერებული ავტომობილი და პოლიციელები. შს სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაამოწმა ეს ფაქტი და იგი არ დასტურდება. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის დროს წარმოქმნილი ასეთი საჩივრის უარყოფა უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც არსებობდა ხონის პოლიციის უფროსისა და სამტრედიის დაცვის პოლიციის სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშილს, რომ პირადად დაინტერესდეს ამ საკითხებით”, – განაცხადა აზარაშვილმა და დასძინა, რომ ცესკო, თავის მხრივ, აპირებს, რომ იმსჯელოს ბაღდათის საოლქო კომისაში შესული ზემოხსენებული საჩივრის პორკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს, 27 აპრილს გაავრცელეს, თუმცა ეს ცნობა “ნეტგაზეთთან” საუბარში ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და შს მინისტრმა არ დაადასტურეს.

 

გადაამოწმა თუ არა ცესკომ აღნიშნული ინფორმაცია უშუალოდ ბაღდათის მე–10 საარჩევნო უბნის წევრებთან? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” ეკა აზარაშვილს მიმართა:

 

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამოწმებთ ინფორმაციას საარჩევნო ადმინსიტრაციის წარმომადგენლებთან, მათში შედიან კომისიის წევრები, მაგრამ არსებობს საჩივარი და მასთან თანდართული ფოტომასალა, რომელიც არის შესასწავლი და სწორედ იმიტომ, რომ ეს თემა საჭროებს შესწავლას, მე განვაცხადე, რომ ცესკოც იმსჯელებს ამ მასალების პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით..”, – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი