
ეს განცხადება ხარატიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში დღეს, 27 აპრილს ბაღდათის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ადგილობრივი პოლიციის უფროსის მისვლის და კომისიის წევრებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა. ხარატიშვილის თქმით, თუ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლიციის უფროსი კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, რომელიც 2-დან – 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“დღევანდელ არჩევნებზე იყო პატარ-პატარა დარღვევები, რომლებიც შედეგზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა იყო ერთი სერიოზული პრობლემური ტენდენცია. ეს არის იმერეთის რეგიონის პოლიციის უფროსების გამოჩენა საარჩევნო პროცესში. წინა საარჩევნო პერიოდში იყო ხონის პოლიციის უფროსი, რომელიც ხელისუფლების საარჩევნო შტაბში დაფიქსირდა და ფოტოც იყო გადაღებული მისი, სამტრედიის ერთ-ერთ საარჩევნო მიტინგზე და აი, დღევანდელი ფაქტი ბაღდათის რაიონში, რომლის პოლიციის უფროსი… ჩვენ მინიმუმ ორი სურათი გვაქვს, სადაც მისი მანქანაა დაფიქსირებული საარჩევნო უბანზე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი”, – აღნიშნა ხარატიშვილმა.
“ნეტგაზეთის” კითხვას, ადასტურებენ თუ არა საუბნო კომისიის წევრები ზეწოლის ფაქტს, ცესკოს თავმჯდომარე შემდეგნაირად პასუხობს.
“კომისიის წევრებისაგან ახლა ახსნა-განმარტებების შეგროვება მიდის და ოლქი ამაზე იმსჯელებს. თუ ეს დადასტურდა, ეს საკმაოდ მძიმე ბრალდება არის იმიტომ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველია. მოდით, დაველოდოთ მოკვლევას, თუმცა ის, რომ სამი ასეთი ფაქტი ერთმანეთს მიება, ეს უკვე კანონზომიერების თვისებებს იძენს. მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს შემთხვევითი ფაქტებია და არა მიზანმიმართული საქმიანობა. რაც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში ვმუშაობ: 2010 წლის არჩევნები და შემდგომი პერიოდი, ასეთი რამ პოლიციის უფროსების მხრიდან არ ფიქსირდებოდა. მე არ მახსოვს, რომ პოლიციის უფროსი რომელიმე მიტინგზე ან საარჩევნო შტაბში დაფიქსირებულიყო, ეგეთი ფაქტი ნამდვილად არ არის. კი, სხვა ტიპის საჩივრები იყო, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა და ვიმედოვნებ, რომ ეს შემთხვევითია. საოლქო კომისიები ამაზე იმსჯელებენ მერე შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს მსჯელობა, თუ გასაჩივრდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შეიძლება სასამართლოშიც წავიდეს. მე ვფიქრობ, რომ ცესკომ ამ ფაქტების პროკურატურაში გადაგზავნაზეც უნდა იმსჯელოს იმიტომ, რომ ამ უწყებას უფრო მეტი საშუალება აქვს დაადგინოს: იყო თუ არა ზეწოლა კომისიის წევრებზე”, – აღნიშნა მან.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაღდათის პოლიციის უფროსი გელა მშვილდაძე ბაღდათის საარჩევნო ოლქის მე-10 უბანზე კომისიის წევრებს არჩევნების მიმდინარეობისას შეხვდა, შს უწყებაში უარყოფენ.
