ახალი ამბები

ავთანდილ სტურუა: “ქართულ ოცნებას არჩევნების წაგების ეშინია და აყალბებს”

27 აპრილი, 2013 • • 1163
ავთანდილ სტურუა: “ქართულ ოცნებას  არჩევნების წაგების ეშინია და აყალბებს”

”ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის რაიონული ოფისის თავმჯდომარე ავთანდილ სტურუა ამტკიცებს, რომ ”ქართულ ოცნებას” სამტრედიაში წაგების ეშინია და ამიტომ აარჩევნებს ყალბებს.

 

როგორც ავთანდილ სტურუა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, ხელისუფლება მიზანმიმართულად მოქმედებს:

 

”6 თვე გავიდა არჩევნებიდან და რატომ სჭირდება ”ქართულ ოცნებას” ასეთ დარღვევებზე წასვლა, ძალიან მიკვირს. ფაქტობრივად ადგილი აქვს ისტემატიურ დარღვევებს. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, იმიტომ რომ მარკირებებს არ აკეთებენ. მარკირება გაკეთებულ ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა მეორედ აქვს. გარდა ამისა საშინელება ხდება გადასატან ყუთთან მიმართებაში. დაფიქსირდა სხვის მაგივრად ხმის მიცემის ფაქტები და  სხვადასხვა  დარღვევები. მიმაჩნია, რომ ეს არის ის დარღვევები, რომლებიც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგზე.”

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ ხდება ასეთი ფაქტები,  სტურუა პასუხობს, რომ:

”როგორც ჩანს შიში აქვთ იმის, რომ არ დამარცხდნენ. მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, ეს იმისთვის კეთდება, რომ მათ სასარგებლოდ მიღებული ხმები გაიზარდოს. როგორც ჩანს ძალიან დიდი შიში აქვთ.”

 

სტურუა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 3 საათის შემდეგ მოძიებულ ინფორმაციაზეც საუბრობს. მისი თქმით, სამტრედიაში ერთ-ერთ უბანზე ორივე ხელზე მარკირება გაკეთებულ მოქალაქეს ხმა კიდევ მიაცემინეს:

 

”14-ე უბანზე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, ორივე ხელზე ჰქონდა მარკირება ამომრჩეველს გაკეთებული და ხმა მაინც მიაცემინეს. რა დონის კარუსელებს აკეთებენ ხომ წარმოგიდგენიათ. ორჯერ რომ მიაცემინეს ხმა არ კმარა, მესამედ ალბათ ცხვირზე გაუკეთეს მარკირება”

 

სტურუა სხვადასხვა სახის დარღვევაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ჩამოთვლილ დარღვევებს სისტემატიური ხასიათი აქვს და სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე გვხვდება:

 

”მე–7 უბანზე დაფიქსირდა ხელმოწერების გაყალბება. კერძოდ, ავადმყოფი ამომრჩევლის ნაცვლად ხელი გადასატანი ყუთის თანხმლებმა პირებმა მოაწერეს. გადასატანი ყუთის სახლში არ მიტანის ფაქტს ადასტურებს მოქალაქე სანიკიძე. იყო აღნიშნული, რომ სანიკიძემ მოწერა ხელი და როცა ჩვენი წარმომადგენელი მივიდა მასთან, აღმოჩნდა რომ იქ არავინ იყო ნამყოფი და ვიღაცამ მის ამგივრად მოაწერა ხელი. 17-ე და 28-ე უბნებზე დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიით კოლექტიურად შეტანის ფაქტი, რასაც არ ითვალისწინებს საარჩევნო კანონმდებლობა. ასევე გრძელდება მარკირების გარეშე ამომრჩეველთა გატარების ფაქტები, რაც იძლევა მაღალი ალბათობით იმის მტკიცების საფუძველს, რომ ეს ამომრჩეველი რამდენჯერმე მისცემს ხმას. ”

სტურუა ასევე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ახერხებს ქალაქში საარჩევნო უბნების  კონტროლზე აყვანას:

 

”ჩვენ ვართ აბსოლუტური უმცირესობა ვერ ვახერხებთ იმას, რომ კომისიაზე კონტროლი გვქონდეს იმ მიზნით, რომ ვერ მოახერხონ კარუსელის გაკეთება. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე დანარჩენ კანდიდატებს, მიმაჩნია, რომ მათი მონაწილეობა მხოლოდ ოლიმპიურ ხასიათს ატარებს, კენჭს იყრიან და არანაირი ამბიცია არ აქვთ და განცდა იმისა, რომ მოიგონ არჩევნები.”

”ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის რაიონული ოფისის თავმჯდომარე ავთანდილ სტურუა ამტკიცებს, რომ ”ქართულ ოცნებას” სამტრედიაში წაგების ეშინია და ამიტომ აარჩევნებს ყალბებს.

ჩამოთვლილი შემთხვევების მიუხედავად ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან:

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე იყო საკმაოდ სერიოზული ზეწოლა. ჩვენ  არ მოგვეცა საშუალება საშუალება, რომ ჩვენი კანდიდატი შეხვედროდა პედაგოგებს, რკინიგზელებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს, ძალიან ბევრი ასეთი მომენტი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარება. მიგვაჩნია, რომ შედეგი უნდა იყოს სერიოზული. გარდა ამისა, ჩვენც გვაინტერესებს შედეგი. გვიმტკიცებენ რომ 5%-იანი ხალხი ვართ და ვნახავთ, ერთი რამდენი პროცენტი აქვს პარტიას. სამტრედია პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია, სამტრედიის შედეგი ყოველთვის იყო საშუალო შედეგი ქვეყნის მასშტაბით და რა შედეგიც გვექნება ახლა, მე მიმაჩნია რომ ამდენი პროცენტი უჭერს მხარს ”ნაციონალურ მოძრაობას”. 

 

დღეს, 27 აპრილს, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში (თბილისი), ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური საპარლემენტო არჩევნები იმართება. აღნიშნული ოლქების ამომრჩევლებმა დღევანდელი არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. ყველაზე მეტი – 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქშია რეგისტრირებული, ბაღდათში – 8 და სამტრედიაში – 5.

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ლომიამ. 

მისი თქმით,  კარუსელის გაკეთების ეჭვი თეორიულადაც არ არსებობს.

 

“რაც შეეხება მარკირების სითხეს, მე ვამბობ, რომ არანაირი პრობლემა არ არის. თუ რამე იყო, ნებისმიერს შეუძლია დამიკავშირდეს. ამ დრომდე ჩემთვის აღნიშნული პრობლემით არავის მოუმართავს არც ერთი საარჩევნო უბნიდან. გამორიცხულია, აბსურდულია, ასეთი პრობლემა არ არსებობს”. 


ლომია  კომენტარს აკეთებს სხვის მაგივრად ხმის მიცემის ბრალდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საღამოს ყველა საჩივარი ოლქში შევა და განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი