ახალი ამბები

“საზოგადოებრივი დამცველის” განმარტება 36–ე უბნის დაგვიანებით გახსნაზე

27 აპრილი, 2013 • • 1073
“საზოგადოებრივი დამცველის” განმარტება 36–ე უბნის დაგვიანებით გახსნაზე

მისი თქმით, ეს ფაქტი არა ”საზოგადოებრივი დამცველის” დამკვირვებლის შეცდომის, არამედ ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა, რომელიც კომისიის მდივანმა დაუშვა.

როგორც ცნობილია, დღეს, 27 აპრილს ამ ფაქტის შესახებ განცხადება ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე შუალედური არჩევნების ფარგლებში დაგვიანებით მხოლოდ ნაძალადევის ოლქის №36 უბანი გაიხსნა, ვინაიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენელმა საკონტროლო ფურცელს ამომრჩევლის ნაცვლად მოაწერა ხელი. მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ლადო ბოჟაძე.

“კომენტარი მინდა გავაკეთო ნაძალადევის 36-ე უბნის გახსნასთან დაკავშირებით. ცესკომ გააკეთა განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენმა დამკვირვებელმა არასწორად შეავსო საკონტროლო ფურცელი და მასზე იყო ხელმოწერა. სინამდვილეში მოხდა სულ სხვა რამ: ჩვენი წარმომადგენელი კომისიის მდივანთან მივიდა როგორც დამკვირვებელი იმისათვის, რომ რეგისტრაცია გაევლო. მდივანს შემთხვევით ეს ადამიანი საარჩევნო უბანზე მისული პირველი ამომრჩეველი ეგონა. გამოართვა პირადობის მოწმობა და ამის საფუძველზე დაიწყო საკონტროლო ფურცლის შემოწმება, რომელზედაც, ბუნებრივია, ჩვენი დამკვირვებლის ხელმოწერა არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან იგი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი. ამ ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა 36-ე უბნის დაგვიანებით გახსნა”, – აღნიშნა მან და დასძინა, ამ განცხადების გაკეთება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ზემოთ ხსენებულ ფაქტზე რამდენიმე საჩივარი დაიწერა.

ბოჟაძის, როგორც “საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენლის შეფასებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

“არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. აქტივობა ძალიან დაბალია ნაძალადევში, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ოლქის სიდიდეს, ამომრჩეველთა რაოდენობას და მოცემულ დროს, ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი