ახალი ამბები

ცესკო: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციებისგან

27 აპრილი, 2013 • • 1173
ცესკო: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციებისგან

როგორც ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა, მათ ასეთი განცხადებების გაკეთება მიზანშეუწონლად მიაჩნიათ და ყველას მოუწოდებენ, რომ არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციებისაგან თავი შეიკავონ.

 

“მინდა გავაკეთო განცხადება მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის ოლქში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ხვალ ამომრჩეველთა სიების სამაგიდო ვერსიის გახსნაზე და აფრთხილებდა კომისიის წევრებს, რომ მათ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, სამაგიდო სიების გახსნაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისია, ამ შემთხვევაში საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 2/3–თ, რაც 13–კაციანი კომისიის შემთხვევაში მინიმუმ 9 წევრს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ასეთი განცხადებების გაკეთება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია და მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის საარჩევნო სუბიექტებს, რომ თავი შეიკავონ არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციებისგან”, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სამაგიდო სიების გახსნას თავისუფალი საქართველო მოითხოვს. შესაბამისი განცხადება ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კუკავამ დღეს, 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  

 

„თავისუფალი საქართველო“ არჩევნების დასრულების შემდეგ მოითხოვს სამაგიდო სიების გახსნას, რათა გადამოწმდეს ყველა ამომრჩევლის იდენტურობა, რომელიც ხმას მისცემს არჩევნებზე. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემისა და მსგავსი მაქინაციებისგან, ვინაიდან ყველა ამ სახის დარღვევა იქნება დადგენილი და გასაჯაროებული”, – აცხადებენ კუკავას პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი