როგორც ”ნეტგაზეთს” შს უწყების პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ ვინმეს გააჩნია ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უნდა წარმოადგინოს.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას სპიკერი ეკა აზარაშვილი დღის განმავლობაში გააკეთებს.
ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ის ჩავიდა ვარციხეში, თუმცა #10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა მას ასეთი ფაქტის თაობაზე ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ბაღდათის #10 საარჩევნო უბანზე მივიდა ასევე მათი წარმომადგენელი და კომისიის წევრებმა მასთან საუბარშიც უარყვეს “ნაციონალების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის უფროსის მხრიდან კომისიის წევრების გაყვანას და მათთან გასაუბრებას. საიას დამკვირვებლის ცნობით, რომელიც ვარციხის ამ უბანში იმყოფება, იმ შენობიდან 20-30 მეტრში, სადაც განთავსებული საარჩევნო უბანი, ფიქსირდება საპატრულო პოლიციის მანქანის გადაადგილება.
საია-ს წარმომადგენელი ადგილზე რჩება და აგრძელებს აღნიშნულ უბანზე დაკვირვებას.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს, 27 აპრილს გაავრცელეს.
დეპუტატ გია თევდორაძის მტკიცებით, პოლიციის უფროსმა ვარციხის #10 საარჩევნო უბანზე უბნის კომისიის ყველა წევრი სათითაოდ “გამოიყვანა და მანქანაში ჩაისვა”.
“გასაგებია, რაზე იქნებოდა იქ საუბარი” – ამბობს თევდორაძე.








