ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაონულ ოფისში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ავთანდილ სტურუამ და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ ამ თემაზე პრესკონფერენცია გამართეს.
მათ თქმით, ხელისფლება დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ატარებს და ის 90-იან წლებში ბრუნდება.
თევდორაძე ამტკიცებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გადასატანი ყუთის სიაში არიან, მაგრამ ხმას უბნებში აძლევენ.
“არის საპირისპირო შემთხვევებიც. არსებობს ეჭვი, რომ კარუსელს აკეთებენ”.
გია თევდორაძის თქმით, ისინი უახლოეს წუთებში შეიტანენ განცხადებას საოლქო კომისიაში რამდენიმე უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
“საჩივრები, რომლებიც უკვე დაიწერა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ასეთი მოთხოვნა გავაჟღეროთ, თუმცა საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია”.
ავთანდილ სტურუას თქმით, ბევრგან ადგილი ჰქონდა სხვის მაგივრად ხმის მიცემას:
“ მე არ მეგონა, რომ 90 -იან წლებში დავბრუნდებოდით არჩევნების ჩატარების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ბევრ უბანზე იქნება იმის საფუძველი, რომ შედეგები გაუქმდეს”.
დეპუტატ გია თევდორაძის მტკიცებით, დარღვევებია ბაღდათშიც. მისი თქმით, პოლიციის უფროსმა ვარციხის #10 საარჩევნო უბანზე უბნის კომისიის ყველა წევრი სათითაოდ “გამოიყვანა და მანქანაში ჩაისვა”.
“გასაგებია, რაზე იქნებოდა იქ საუბარი” – ამბობს თევდორაძე.
ამ თემაზე განცხადებას ნაციონალური მოძრაობა თბილისში, ცენტრალურ ოფისშიც გააკეთებს.
დღეს, 27 აპრილს, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში (თბილისი), ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური საპარლემენტო არჩევნები იმართება. აღნიშნული ოლქების ამომრჩევლებმა დღევანდელი არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. ყველაზე მეტი – 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქშია რეგისტრირებული, ბაღდათში – 8 და სამტრედიაში – 5.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ლომიამ.
მისი თქმით, კარუსელის გაკეთების ეჭვი თეორიულადაც არ არსებობს.
“რაც შეეხება მარკირების სითხეს, მე ვამბობ, რომ არანაირი პრობლემა არ არის. თუ რამე იყო, ნებისმიერს შეუძლია დამიკავშირდეს. ამ დრომდე ჩემთვის აღნიშნული პრობლემით არავის მოუმართავს არც ერთი საარჩევნო უბნიდან. გამორიცხულია, აბსურდულია, ასეთი პრობლემა არ არსებობს”.
ლომია კომენტარს აკეთებს სხვის მაგივრად ხმის მიცემის ბრალდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საღამოს ყველა საჩივარი ოლქში შევა და განიხილავენ.