ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზების ფოტოკამპანია ომის 25 წლისთავთან დაკავშირებით და ქართული მხარის წუხილი

14 აგვისტო, 2017 • 2870
აფხაზების ფოტოკამპანია ომის 25 წლისთავთან დაკავშირებით და ქართული მხარის წუხილი

ფეისბუკისა და ინსტაგრამის აფხაზი მომხმარებლების ნაწილი აფხაზეთის ომის 25 წლისთავზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით: I am from Abkhazia and 25 years ago Georgia started a war to exterminate my people –  მე ვარ აფხაზი და 25 წლის წინ საქართველომ, ჩემი ხალხის გასანადგურებლად ომი დაიწყო.

ფოტოების გამოქვეყნება აღნიშნული წარწერით, აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის ინიციატივაა, რომელიც ქართველი მომხმარებლების ფოტოკამპანია  “I am From Georgia and my country is occupied by Russia” საპასუხო ნაბიჯი იყო.

20770073_1442236905842056_5778953574271210633_n

დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთში დღეს სამამულო ომში აფხაზეთისთვის მებრძოლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. სოხუმის დიდების პარკში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში მონაწილე მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული დანაყოფები აფხაზეთში შემოიჭრნენ, დაიწყო ქართულ-აფხაზური ომი, რომელიც 413 დღე გაგრძელდა და აფხაზი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. აფხაზეთის რესპუბლიკის სამამულო ომში, ჩვენი სამშობლობის ათასობით მებრძოლი დაიღუპა. დიდი ძალისხმევისა და ათასობით სიცოცხლის ფასად აფხაზეთმა საკუთარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაიცვა”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ცნობაში.

აფხაზეთის ომის 25 წლისთავს ქართული მხარეც, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეხმაურებიან, რომლებმაც ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა.

“ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც ითამაშა, ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში. მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

დღევნდელ თარიღთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ხელოვნული ბარიკადებით გაყოფილი საზოგადოებები შევარიგოთ. ტკივილი ყველას ერთნაირად სტკივა, ქართველებსაც და აფხაზებსაც. ჩვენ გვაინტერესებს უკეთესი მომავალი, სადაც მშვიდობა მთავარი ღირებულებაა. ეს აუცილებლად გულისხმობს დიალოგს, შერიგებას და ამ გზას არ გააჩნია ალტერნატივა”.

“ჩვენს წილ შეცდომებზე ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და პასუხიც უნდა ვაგოთ; ჩვენს წილ შეცდომებზე, ამას ხაზგასმით ვამბობ. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, უამრავი რიგითი მოქალაქისაგან განსხვავებით, ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ გამოეთქვა სურვილი, იქნებ ნახევარი ნაბიჯით მაინც წავიწიოთ წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ტკივათ”, – განაცხადა დღეს, 14 აგვისტოს ნინო ბურჯანაძემ “დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში ჩასვლისა და აფხაზებთან დალაპარაკების სურვილი გამოთქვა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი