ლომჯარიას თქმით, ბაღდათის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე წყალტუბოს გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯიმშელეიშვილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის – “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმად, დამკვირვებლად არ შეიძლება დარეგისტრირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ ცესკოს მიმართეს მოთხოვნით, რომ შეუჩერდეს ჯიმშელეიშვილს დამკვირვებლის აკრედიტაცია და ამ დროისთვის ცესკო ამ ინფორმაციას ამოწმებს.
“სამართლიანი არჩევნები” 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამ ოლქში მიმდინარეობს, ჯამში, 60 უბანზე აკვირდება.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ 60 უბნიდან უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა 11 უბანში. უფრო მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის #31 და სამტრედიის #16 უბნებზე, რაც უკავშირდება საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსებას, რაზეც “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა შესაბამისი საჩივრები დაწერეს.