ხელშეკრულება მიწის ნასყიდობისა და ინვესტირების შესახებ 2012 წლის 30 მარტს გაფორმდა ინვესტორსა და ქართულ მხარეს შორის. ქართულ მხარეს წარმოადგედნენ საქართველოს მთავრობა (პრემიერ ნიკა გილაურის სახით) და თბილისის მერია (ქალაქის მერის გიგი უგულავას სახით). ხოლო ინვესტორები წარმოდგენილნი არიან სამი კომპანიის სახით: სს “Hualing International Special Economic Zone”, სს “Ruilong Industrial Investment” და სს “Fund Investment”. სამივე კომპანიას ერთი წარმომადგენელი ჰყავს – ჯანგ ძუნი.
ხელშეკრულების მიხედვით, ქართულმა მხარემ ინვესტორებს თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 420 ჰა მიწის ნაკვეთი მიყიდა 12 ათას ლარად, რომელშიც შევიდა ეკლესიის საკუთრებაში არსებული 6 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებიანად.
“იმ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, რომელიც გადაეცა ინვესტორს, არის საპატრიარქოს მიწა. საპატრიარქოსთან ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ინვესტორები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები. თუ ენდომება საპატრიარქოს, შესაძლოა გაკეთდეს მიწის ადგილმონაცვლეობა, ანუ ინვესტორმა თვითონ უნდა უყიდოს ამ მიწის სანაცვლოდ სხვა ტერიტორიაზე. თუ არ მოინდომებს საპატრიარქო გაყიდვას, მაშინ უნდა დაუტოვონ ეს მიწა. კონტრაქტში დევს ეს ვალდებულება, რომ ინვესტორი ვალდებულია დააკმაყოფილოს საპატრიარქოს მოთხოვნა”, – განმარტავენ თბილისის მერიაში.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეკლესიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაცემა შესაძლებელია იმ პირობით, თუ ეკლესია განახორციელებს ამ ნაკვეთის ქართული მხარისთვის გადაცემას, თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ინვესტორებს არ აქვთ პრეტენზიის გამოთქმის უფლება.
თინათინ შიშანაშვილი, “ჰუალინგ ინთერნეიშენალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მათ კომპანიას ჰქონდა მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან მიწის შესყიდვის თაობაზე:
“გვქონდა მოლაპარაკებები, რომ მიგვეღო ეს მიწის ნაკვეთი ან ადგილმონაცლეობით, ან კომპენსაციით, თუმცა ჯერ არ არის მიღწეული არანაირი შედეგი. რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გადმოგვეცეს იმიტომ, რომ იქ არქიტექტურულად, გეგმარებით ირღვევა ერთ მთლიანი მოცულობა, მაგრამ ეს ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნება იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი განვახორციელოთ”.
რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება – ამ საკითხზე თინათინ შიშანაშვილი ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი უცნობია.
“ნეტგაზეთი” საპატრიარქოსთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა ამ საკითხზე საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიიდან პასუხის მიღება ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა.
შიშანაშვილის თქმით, ახლა მათი კომპანია მშენებლობას 414 ჰა მიწის ნაკვეთზე განახორციელებს, რომელიც მათ საკუთრებაშია, თუმცა მიწის ნაწილზე პრეტენზიას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გამოთქვამს. ერთ-ერთი მათგანია გიული ბუხრაშვილი:
“ბაღები გვქონდა ძალიან ძვირფასი, ჩამოგვართვეს ეს ბაღები, ნახევარი მიწაში ჩამარხეს და ნახევარი დაგვრჩა, ამაზეც გვეუბნებიან, წადით აქედანო. კანონიერად არ გვქონდა ეს ბაღები, არ დაგვიკანონა მერიამ იმიტომ, რომ უნდოდათ გაყიდვა. როცა წავედით დასაკანონებლად და უარი გვითხრეს, გაგვიკვირდა. გამოჩნდნენ შემდეგ ჩინელები და მივხვდით, რატომ არ დაგვიკანონეს, მოგვატყუეს.
ამ მიწებში ფული არ გვქონია გადახდილი, მაგრამ აზომვა და საბუთები 1500 ლარამდე დამიჯდა. ჯერ დაკანონებაზე უარი გვითხრეს იმიტომ, რომ რეკრეაციული ზონააო და არ ექვემდებარება გაყიდვასო, მერე კოლექტიური წერილი რომ დავწერეთ და ვიჩივლეთ გვითხრეს, უკვე გაიყიდა და პატრონი ჰყავსო. შემდეგ კიდევ ვიჩივლეთ, გვითხრეს, შეაგროვეთ საბუთები და თუ საჭიროდ ჩავთვლით, დაგიმტკიცებთო, მაგრამ იმედი არ გვაქვს”, – აცხადებს გიული ბუხრაშვილი. მის მსგავსად აღნიშნულ მიწებს სადავოდ ხდის კიდევ 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
“ჰუალინგ ინთერნეიშენალი” მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს და აცხადებენ, რომ მიწები კანონის სრული დაცვით შეიძინეს ქალაქ თბილისის მერიისგან.
თბილისის ზღვაზე ჩინური ინვესტიციით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მოსახლეობაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე “ჩაინა თაუნი” აშენდებოდა, სადაც 127 000 ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება იგეგმებოდა. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი თვის წინ გაახმიანა “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ:
“127 ათასი ჩინეთის მოქალაქე იქნება აქ ჩამოსახლებული. ორმაგი მოქალაქეობით. ქალაქს დაგეგმარებაში მოჰყვება მიმდებარედ ჩინური სოფლების მშენებლობა. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარა ჩინური ავტონომია იქნება საქართელოში. ექნებათ ავტონომიური უფლებები. ხელშეკრულება ითვალისწინებს ეკონომიკურ ზონას,” – განაცხადა ბაღათურიამ.
ჩინეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად ექსპანსიის საფრთხეს ხედავს ამ პროექტში ასევე “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავაც.
თუმცა პროექტის მიხედვითაც, რომლის შესაბამისადაც ახორციელებს ინვესტიციას ჩინეთის კომპანია, არც ვინმეს ჩამოსახლებაზეა საუბარი და არც “ჩაინა თაუნის” მშენებლობაზე.
ხელშეკრულება გაფორმებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე “ჰუალინგ ინთერნეიშენელის სპეციალური ეკონომიკური ზონის” შექმნისა და აშენების მიზნით. სპეციალური ეკონომიკური ზონის შესაქმნელად ქართულმა მხარემ შეიმუშავა სპეციალური საგადასახადო და ეკონომიკური, ე.წ. პრეფერენციული პოლიტიკა. კერძოდ, ინვესტორი გარკვეული ვადის (10 წლის) განმავლობაში თავისუფლდება დღგ-სგან, იმპორტის გადასახადისგან, მოგების გადასახადისგან, შეღავათებით სარგებლობენ ქონების, მიწის გადასახადებზე და სხვა.
ხელშეკრულების მიხედვით, სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობა მოიცავს სავაჭრო ადგილებს, საბაჟო სასაწყობე მეურნეობას, კომერციული უზრუნველყოფის ზონებს, უძრავ, სასიცოცხლოდ საჭირო ზონებს, აგრეთვე, საფეხმავლო ბილიკებს და რეკრეაციულ (დასასვენებელ) ზონებს.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ინვესტორები იღებენ 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების და ასევე, ოლიმპიური სოფლის მშენებლობის ვალდებულებას, რომლით სარგებლობის უფლებაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში თბილისის მერიას უფასოდ მიენიჭება.
ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა აშენდეს, უნდა იტევდეს 3800 სტუმარს, ნაგებობები უნდა შეესაბამებოდეს მინიმუმ 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს დონეს, უნდა გააჩნდეს საკონფერენციო დარბაზები, მედიაცენტრი, სამედიცინო ცენტრი, ინტერნეტკაფე, ავტოსადგომი ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანებისთვის და სხვ. დაგეგემილია ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც იქნება 200 ოთახი.
ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ ინვესტორს შეეძლება აღნიშნული შენობა–ნაგებობები გადააქციოს სპეციალური ზონის აპარტამენტებად, ან საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ინვესტორები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ:
“კომპანია მუდმივად წარმოადგენს ანგარიშებს, ამ დროისთვის ყველაფერი წესრიგში აქვთ, ბოლო მონაცემებით, 30 მილიონამდე თანხა უკვე დახარჯულია, რადგან ტერიტორიის მოსწორებას დიდი თანხა დაჭირდა. ჩვენ თითქმის ყოველთვიურად ვახორციელებთ მონიტორინგს.”
როგორც “ჰუალინგ ინთერნეიშენალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თინათინ შიშანაშვილი აცხადებს, პროექტის დაწყებამდე ჩინური კომპანია საქართველოში უკვე იყო დაკავებული ბიზნესსაქმიანობით:
“კომპანია საქართველოში 2007 წლიდან შემოვიდა, იქიდან მოყოლებული სხვადასხვა პროექტები ჰქონდა, ხოლო 2012 წელს უკვე ხელი მოეწერა ამ ხელშეკრულებას. ამაში ორივე მხარე იყო დაინტერესებული იმიტომ, რომ ერთი მხარე იყო ინვესტორი, რომელსაც ჰქონდა უკვე სხვადასხვა პროექტები საქართველოში, აპირებდა ბანკის შეძენას და სარგებლობდა სერიოზული რეპუტაციით, ქართულ მხარეს კი ჰქონდა ინვესტორის დაინტერესების სურვილი, ვინც ამ მშენებლობას თავის თავზე აიღებდა და ვალდებულებას მთელი ინფრასტრუქტურით დაასრულებდა”, – აცხადებს თინათინ შიშანაშვილი.
თბილისში ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ინვესტორმა 2015 წლისთვის უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს დედაქალაქი ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
