საუბარია 2013 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ შესწორებაზე სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც: „38.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად;“
“პარლამენტის მიერ მიღებული შესწორება ზღუდავს უნივერსიტეტის თვითმმართველობას და ავტონომიის მნიშვნელოვან ნაწილს – პროფესორების, მკვლევარების და სტუდენტების უფლებას, თვითონ გადაწყვიტონ, როგორი იურიდიული ფორმით იარსებონ, როგორი მიმართულებით განვითარდნენ და იყვნენ პასუხისმგებლნი ამ განვითარებაზე. თუკი ეს კონკრეტული ცვლილება განხორციელდა, უნივერსიტეტზე გავცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ეხება და მომავალში შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს: მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება უნივერსიტეტის ავტონომიას, თვითმმართველობას და შედეგად – განვითარებას და დაგეგმილ წარმატებას,”- ნათქვამია ილიას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიმართავს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოთქმული და დაუბრუნონ უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებს და სტუდენტებს უფლება, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა იურიდიული ფორმით ურჩევნიათ არსებობა საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია. 2012 წელს საჯარო სამართლის იურიდიული ფორმის შეცვლა მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მთავრობისადმი მიმართვის საფუძველზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აკადემიური საბჭო ამ შემთხვევაში გამოხატავდა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოების აზრს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა ცხად მსოფლიო პრეცედენტს, რომ უნივერსიტეტების განვითარება და მსოფლიო კლასის უნივერსიტეტად ქცევა განუყოფლადაა დაკავშირებული ავტონომიასთან და თვითმმართველობასთან, კერძო სამართლის სუბიექტობასთან, კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობასთან.
“ჩვენი აზრით, კერძო სამართლის სუბიექტად ქცევა და კერძო საკუთრების მიღება იყო ნაბიჯი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ამ მიმართულებით განვითარებისაკენ.”





