ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პრეზიდენტის ვეტოზე

26 აპრილი, 2013 •
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პრეზიდენტის ვეტოზე

“მოგეხსენებათ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანმა ცვლილებებმა რამდენიმეჯერ განიცადა ცვლილება. კანონპროექტის დახვეწის პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ვენეციის კომისიის ექსპერტები, ისე კოალიციის წევრი ორგანიზაციები. კონსულტაციები მიმდინარეობდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.

 

კანონპროექტის ინიციატორებმა გაითვალისწინეს სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, მათ შორის, საბჭოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასთან, საპარლამენტო უმცირესობის ჩართულობის უზრუნველყოფასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რითაც გაუმჯობესდა პროექტის თავდაპირველი ვერსია. შეთანხმება მიღწეულ იქნა სასამართლო ხელისუფლებასთანაც. შედეგად, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ისე ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა დააფიქსირეს, რომ იზიარებენ კანონპროექტისა და რეფორმის სულისკვეთებას.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესი გაგრძელდება პარლამენტში, რაც კანონმდებლობის მიხედვით დამატებით დროსა და პროცედურებს მოითხოვს. კოალიციას მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი რეფორმის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რაც უდავოდ აძლიერებს სასამართლო ხელისუფლებას და ზრდის მისი დამოუკიდებლობის შესაძლებლობებს. კანონპროექტის დროული ამოქმედება კი მართლმსაჯულების სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებამ კი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი, რაც პირველ რიგში, სასამართლოს ინტერესებს დააზიანებს.

 

რაც შეეხება, ნაფიც მსაჯულთა ინსიტიტუტთან დაკავშირებულ ცვლილებას, რომელიც ასევე პრეზიდენტის ვეტოს ობიექტი გახდა, კოალიცია კვლავ რჩება პოზიციაზე, რომ ეს კანონპროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ეხება ბრალდებულის ლეგიტიმურ ინტერესს, მნიშვნელოვანია ბალანსი იქნეს დაცული დაცვასა და ბრალდებას შორის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა მხოლოდ პროკურატურის პოზიციაზე არ იყოს დამოკიდებული. ამისათვის საჭიროა, პარლამენტმა როგორც მინიმუმ დააფიქსიროს კანონპროექტში, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართვასთან დაკავშირებით იღებს სასამართლო, რომელსაც დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს არა მხოლოდ დაცვის, არამედ ბრალდების მხარეც.

 

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მართლმსაჯულების რეფორმის დროულად და ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით. ამას კი დიდწილად „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების დროულად ამოქმედება განაპიროებებს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, პარლამენტმა დამატებით გააგრძელოს მუშაობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს კოალიციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და მოადგილე კახა კოჟორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი