ახალი ამბები

ივანიშვილმა საქართველო–უკრაინის ბიზნესფორუმი გახსნა

26 აპრილი, 2013 •
ივანიშვილმა საქართველო–უკრაინის ბიზნესფორუმი გახსნა

ფორუმში მონაწილეობენ: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის წევრები,  უკრაინის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი და უკრაინული კომპანიების 50–მდე წარმომადგენელი. ფორუმს ასევე ესწრება უკრაინული 8 წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი.

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიესალმა და განაცხადა, რომ თბილისში ბიზნესფორუმის გამართვა კარგი იდეაა:

კალაძე და ივანიშვილი საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე
კალაძე და ივანიშვილი საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე

“საქართველოში ჭეშმარიტად ახალი დრო დაიწყო ბიზნესის განვითარების მხრივ. მთავრობას ბიზნესთან მიმართებაში განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რადგან ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ბიზნესს შეუძლია ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გადაჭრა, დასაქმება და ეკონომიკური აღმავლობა. საქართველო უახლოეს პერიოდში საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანა გახდება ბიზნესის საწარმოებლად, რადგან მას ექნება განვითარებული ეკონომიკა, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ ჩაერევა ბიზნესის საქმიანობაში. მან ბიზნესფორუმის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თუ მათ კომპანიებს საქართველოში პრობლემა ექმნებათ, პირადად მას მიმართონ.

ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან მიმზიდველი ბაზარია, რადგან აქ უამრავი სფეროა ასათვისებელი და კომპლექსური გადასახადი 16%–ია.

ფორუმის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ, მან განაცხადა, რომ უკრაინელ ბიზნესმენებს საქართველოში ძირითადად აინტერესებთ სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკის სფერო.

კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამაც, მან განაცხადა, რომ უკრაინელი ბიზნესმენები მონაწილეობას მიიღებენ ნაპირსამაგრი სამუშაოების და წყლის განაწილების სექტორში გამოცხადებულ ტენდერებში.

პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით, როგორც ქართველებისთვისაა უკრაინა მიმზიდველი ბაზარი, ასევე არის საქართველო უკრაინელებისთვის. მას მცირე საწარმო აქვს უკრაინაში და ფიქრობს ქვეყნის გარეთ ბიზნესის უფრო განვითარებას და პარტნიორების მოძებნას.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 15 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიას ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. ხოლო კომისიის წევრებს შორის არიან სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორი ირაკლი წულაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ოლეგ ბიჭიაშვილი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი